საქართველო, დამარცხებული აღა-მაჰმად-ხანისაგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე, ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. ტფილისი, ეს ჩვენი სატახტო დედა-ქალაქი, აკლებული და აოხრებული, ჯერ კიდევ რაღაც დარღვეულსა და დანგრეულს ქვეყანას წარმოადგენდა. ჯერ გამრთელებული არ იყო იგი საშინელი წყლული და ჭრილობა, რომელიც ეწვია ჩვენს ქვეყანას აღა-მაჰმად-ხანის უწყალო და შეუბრალებელ ხელითა.ჯერ კიდევ გამოგლოვებულნი არ იყვნენ დახოცილნი და გაჟლეტილნი დიდი თუ პატარა, ქალი თუ ვაჟი, სისხლის მსმელ სპარსთა ყეენისაგან.
დასუსტებული საქართველო, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით „რკინის კარი შეეხსნა“, უფრო კარ-ღია შეექმნა და ადვილი საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი, ხმალამოღებულნი თავს ადგნენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. სპარსეთი უწყრებოდა საქართველოს, რატომ ჩემთან არ იჭერ საქმეს და ჩემს მფარველობას ქვეშ არ ეძებ შენს დღეგრძელობა და კეთილდღეობასაო. ამასვე უწყრებოდა ოსმალეთი და ახალციხიდან მოსვენებას არ აძლევდა ქართლსა. ერთი სახელმწოფოც და მეორეც თავისთვის გამოელოდა საქართველოს. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველო, თუ ხმლით არა, მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ, თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მათ მაგრად მოეკიდნათ მათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია ჩრდილოეთის მხრით, ერთსაც თავზარსა სცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუს გატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო.
როგორც სპარსეთმა, ისეც ოსმალეთმა კარგად იცოდა, რა დიდი საქმეა საქართველოს ხელში ჩაგდება მისთვის. ვინც დაასწრებს , ვინც საქართველოში ფეხს მოიმაგრებდა, იგი დიდს ზემოქმედებას იქონიებდა მთელ დასავლეთსა და მცირე აზიაში და სვე-ბედი აზიის შესახებ პოლიტიკისა ხეთ ჩაუვარდებოდა სხვათა შესაფუთავად. გარდა ამისა, არც სპარსეთს უნდოდა რომ საქართველოს დაჭერით ვინმე სხვა სახელმწიფო ახლო მოსვლოდა, არც ოსმალეთს, რათა საქართველო ამ ორ სახელმწიფოს საზღვრად და გზად ედვა. თუმცა რუსეთისგან შიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო, ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსევისათვის დასაკეტი და მერმერ ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი და სპარსეთს არ ანებებდა საქართველოს დაჭერას, თვით სწყუროდა ეს კარი და გზად თვითონ ჰქონებიყო და საპარსეთისათვის მუქარად ხელი სჭეროდა. აზაიაში ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ეცილებოდა პირველობასა და ბატონოიბას და ამიტომ ერთმანეთზე არურსებული იყვნენ და ერთმანეთს შორს უდგნენ.
ეს ორმხრივული მტრობა საქართველოსათვის ახალი ამბავი არ იყო. თუმცა დიდი ხანია ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ამ აზროათ ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო, ასე თუ ისე, როგორც იყო, იგერიებდა ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა.
წინათ ბევრჯერ ააოხრეს საქართველო, ბევრჯერ მიანგრ-მოანგრიეს, ჩამოათალეს სანაპირო ქვეყნები, ხოლო გული კი ვერ შეუნგრიეს. საქართველო იბრძოდა, ჯვარს ეცმოდა და გულს კი არ იტეხდა. ამ ტანჯვა-წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭა ერმა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულამდე. შეინარჩუნა რჯული, ენა, თავისი ეროვნული ვინაობა და თავისი ქვეყანა. როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილო-კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღა-მაჰმად-ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს წამოგვაყენა, და ერთიც და მეორეც, თუმცა ცალ-ცალკე კი, უფრო მეტის მძვინვარებით მოგვისია.
გულკეთილი მაგრამ სუსტი მეფე გიორგი როგორ გაუძლებდა ამისთანა გარემოებას და როგორ გაუძღვებოდა გაჭირვებულს სამეფოს, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის აოხრებისგან ჯერ კიდევ არ გამობრუნებულიყო, არ გამორკვეულიყო და წყლული არ გამრთელებოდა. ამას დაურთეთ ის ამბავიც, რომ ლეკნიც-კი გაუთამამდნენ უღონოდ ქმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხან აქ იკლებდნენ ქვეყანას ხან იქ. გარდა ამისა, შინ, მეფის სახლობაშიაც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ცალკე ქვრივი დედოფალი დარეჯანი, ცალკე ძმები აეშალნენ, ყველანი თავის-თავისკე იწევდნენ და მეფეს ეურჩებოდნენ. სამეფო სვე-ბედი ხელში სათამაშოდ გაიხადეს და საწყალ მეფე გიორგის რა უნდა ექმნა ასეთ მდგომარეობაში : გარეთ მტრისათვის გაეცა პასუხი, თუ შინ გასძღოლოდა შუღლსა და ცილებას დედინაცვლისას და ძმებისას. ყოველ ამა შავი ჭირიც დაერთო და მთელი ქვეყანა შეაძრწუნა და სასოწარკვეთილებას მისცა. თითოეული ზემოხსენებული უბედურება ცალკე საკმაო იყო, რომ მეფე და სამეფო განწირულებაში ჩავარდნილიყო და სულ ერთად ხომ ზედ მოსეული ერთ დიდ და უძლეველ უბედურებად შეიქმნა.
იქნება მეფე გიორგი შინაურს არეულობასა და უბედურობას კიდევ როგორმე გასძღოლოდა, თუ გარედან მტრის შიში არა ჰქონიდა. მაშინ აღა-მაჰმად-ხანი ცოცხალი აღარ იყო და მის მაგიერ სპარსეთის ტახტი დაიჭირა ბაბა-ხანმა. ბაბა-ხანი შუშისა და განჯის ხანებს ზედ-მისეოდა, მათის სახანოების დაპყრობა უნდოდა და მერე აპირებდა საქართველოს თავს დასხმოდა, ოსმალეთიც ახალციხიდა იმუქრებოდა.
სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთტან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენა ერთად ზემოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთის-მოსავმა და ღვთის-მოყვარე მეფე გიორგიმ, რათქმაუნდა, ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც, მის და მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელსეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან, ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარსვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად.
მეფე გიორგიმ აღარ დააგვიანა საქმე, მას უკვე გაგზავნილი ყავდა პეტერბურგში რწმუნებული მოციქული თ.გარსევან ჭავავაძე, რათა აუწყოს იმპერატორს პავლე პირველს თავის სამეფო ტახტზე ასვლა და საქართველოში გამეფება. მეფე გიორგიმ 11-ს ოქტომბერს 1798 წელს ზედ მიადევნა თხოვნა იმპერატორ პავლესათვის მისართმევად. თვითონ გარსევან ჭავჭავაძე წარსდგა იმპერატორის წინასე და მოახსენა : „დიდო იმპერატორო, მფარველო და შემწეო ქართლ-კახეთის სამეფოთაო! მოგართმევ რა თხოვნას, მე უერთგულესი ქვეშევრდომი თქვენის იმპერატორების დიდებულებისა, ღირს ვიქმენ ჩემთა მეფისა გიორგი ერეკლეს ძისაგან და ყოველთა მისსა სამფლობელო ერთაგან დავემხო ფეხთა ქვშე თქვენის იმპერატორების დიდებულებისა და ჩემდა მოვალეობისამებრ გავბედო გთხოვოთ ბედნიერჰყოთ ხელმწიფე ჩემი და დაუმტკიცოთ მეფობა საქართველოსი, როგორც კანონიერ მემკვიდრესა, შეჰმოსოთ სამეფო ნიშნებითა და განაგრძოთ მისდა და მისთა ერთადმ თქვენი მოწყალება. მიიღეთ ეს ჩემ-მიერ მორთმეულნი თხოვნანი და ღირს ჰყავით თქვენი დიდებულის ყურადღებისა.“
შემდეგ თ.გარსევან ჭავჭავაძეს მეფე გიორგიმ დაავალა წარუდგინოს იმპერატორს მეორე თხოვნაც, შესახებ იმისა რომ მემკვიდრედ დაუმტკიცოს დავით ბატონიშვილი და შემდეგისათვისაც აღთქმულ იქნას, რომ შთამომავალნი ჩემნი საუკუნოდა და შეურყევლად მეფობდნენ საქართველოში და არავინ სხვა არ ერეოდეს ჩემს შინაურ საქმეთა განკარგულებაში, და როგორც ჩემთან თავადაზნაურებთან, ისეც სხვა ქვეშევრდომებთან საქმე არავის არა ჰქონდეს-რაო, ამასთან მეფე გიორგი აუწყებდა იმპერატორს პავლეს, რომ წინაპარნი ჩემნი ყოველთვის ერთგულნი იყვნენ რუსეთისა და მეც ჩემის მხრით აღთქმასა ვსდებ, რომ ქვეშევრდომების ერთგულებაში მე ჩემს წინაპრებს აღვემატოო და ითხოვდა ნება მიბოძეო მიწერ მოწერა პირდაპირ პეტერბურგთან ვიქონიო ჩემის მინისტრის თ.ჭავჭავაძის საშუალებითაო, რადგანაც სხვა გზით საქმეთა სვლა ყოვნდება და გვიანდებაო.
მეფე გიორგი თხოვდა იმპერატორს პავლეს 3-ათას რუსის ჯარისკაცს, შეჭურვილს სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთნილებითა. ამის თაობაზე გიორგი მეფე სწერდა იმპერატორს პავლეს:
„როცა თქვენი ძლევამოსილი ჯარი საქართველოში ყოფილა, ყოველთვის ბოროტნი კაცნი რაღაცეებს იგონებდნენ და სამდურავს და შუღლს აჩენდნენ თქვენისა და ჩვენის ჯარის უფროსთა შორის, ამოტომ გთხოვთ უბრძანოთ აქ გამოსაგზავნ ჯარის უფროსს, მარტო ჩემთან იქონიოს საქმე, ანუ ჩემ-მიერ რწმუნებულთანო.“ დასასრულ მეფე მოახსენებდა იმპერატორს პავლეს, რომ ჯერ ჩემ ყმაწვილობაშივე მსურდა პირადად ხილვა რუსეთის თვითმპყრობელისა, მაგრამ მრავალი გარემოება მიშლიდაო. „ დღეს-კი, _ამბობს მეფე გიორგი,_ თქვენა გხდით ჩემდა ხელმწიფედ და ვსასოებ, რომ თქვენდა მიმართ გამოწვდილნი ხელნი ჩემნი უკუქცეულ არ იქნებიანო.“
მინამ თ. გარსევან ჭავჭავაძე თავისს მოციქულობას აასრულებდა და დრო ამ მოწერ-მოწერაში გადიოდა, მეფე გიორგის დღედა ღამე უფრო და უფრო უჭირდებოდა საქმე. ლეკები სადავოდ დაუსჯელად ჰთარეშობდნენ. ახალციხის ფაშა ქართლს წამ-და-უწუმ შეესეოდა ხოლმე და იკლებდა, საცა კი ხელი მიუწვდებოდა. მართალია, იმპერატორმა პავლემ უბრძანა თავის ელჩს სტამბოლში, რომ სთხოვოს სულთანს არ აწიოკოს საქართველო, მაგრამ ახალციხის ფაშა თავისას არ იშლიდა და ლეკებსაც გზას აძლევდა და ხელს უმართავდა სადავლოდ საქართველოში ეთარეშნათ. არც სპარსეთის მუქარა და მტრობა ასვენებდა საქართველოს. ასეთმა გარემოებამ დიდს საფიქრებელში ჩააგდო მეფე გიორგი, მით უფრო რომ რუსეთიდამ ჯერ გადაწყვეტილი არა იცოდა რა. სხვა გზა არ იყო, უნდა აეაჩქარებინა თ. გარსევან ჭავჭავაძე, რომ საქმე მალე გაათავოს და ჯარი რუსეთისა მოაშველოს და ამასთან სთხოვოს, რომ მეფეს ნება მისცეს თვითონ ამოქმედის ჯარი იქ, საცა საჭიროება მოითხოვს.
იმპერატორმა პავლემ, მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყა რა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლეკთა თარეშობისგან, მსწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს.
23 თებერვალს 1799 წელს ბრძანება მისცა ჩრდილო-კავკასიის ჯარის მთავარ-მმართველს მოამზადოს საქართველოში წასასვლელად მეჩვიდმეტე ეგერის პოლკი გენერალ-მაიორ ლაზერევისა თავისის არტილერიით და ასი ცხენოსანი ყაზახი ზედ დაუმატოს. ეს ეგერის პოლკი იდგა მაშინ მოზდოკში.
საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჯერ კიდევ 1783 წელს მეფე ერეკლესთან შეკრულ პირობის ძალით, საქართველოს მეფის კარზე რუსეთს უნდა ჰყოლოდა განსაკუთრებული რწმუნებული მინისტრი. 1799 წლამდე, სხვადასხვა გარემოების გამო, ეს პირობა შეუსრულებელი დარჩა და იმპერატორმა პავლემ, თ. გარსევან ჭავჭავაძის თხოვნით, გააღვიძა ეს პირობა და რწმუნებულ მინისტრად დანიშნა სტატსკი სოვეტნიკი კავალენსკი, რომელსაც, სხვათა შორის, ებრძანა, რომ საქართველოს ერის სიყვარული და ნდობა მოიპოვეო.
1799წ. მაისში კავალენსკი წამოვიდა პეტერბურგიდამ და მკათათვის ბოლოს მოვიდა ყაზახის სოფელს ნაურში, სადაც იმყოფებოდა კნორრინგი, მაშინდელი მთავარ-მმართველი ჩრდილო კავკასიის ჯარებისა. აქედან კავალენსკიმ აუწყა მეფე გიორგის, რომ მოდის საქართველოში და თან მოჰყავს დაპირებული ჯარი. კნორინგმა თავისის მხრივ ბრძანება მისცა ლაზარევს, მზად იყავი შენის პოლკით და არტილერიით საქართველოში წასასვლელად, მოიმზადე ათის დღის სურსათი, რომ როცა საჭირო იქნეს, ერთის საათითაც არ დაყოვნდეო.
კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. გრამოტა იგი არის დაწერილი 18 აპრილს 1799 წელს. იმპერატორი პავლე იწერებოდა :
„ მივიღე რა მადლობით თქვენი თხობნა, ტრაქტატის მესამე მუხლის ძალით გამტკიცებთ დღეს თქვენ საქართველოს მეფედ და ძესა თქვენსა დავითს თქვენდა მემკვიდრედ თქვენს შემდეგ.“
ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკაულები და სამეფო ნიშნები :
1. ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა-და-შიგ ძვირფასი თვლებით შემკული.
2. სკიპტრა, ძვირფასი ქვებით მოჭედილი.
3. ხმალი, ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემოსილი.
4. სამეფო პორფირი ყარყუმის ბეწვისა, შვინდისფერ ხავერდის საპირეთი, მასზედ ქარგით ნაკერი გერბი რუსეთისა და საქართველოსი.
5. თეთრი დროშა ორ-თავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა.
6. სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, პრტყელის ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩებით მორთული, და ამასთანავე სამი ბალიში,შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთიქიდან რუსეთის გერბს;
7.ტახტთან ერთად ორი პატარა სტოლი,ხავერდითვე გადაკრული და ორომკერდით მორთული; თვითოეულ სტოლისათვის თითო ბალიში, რომელზედაც დადებულ უნდა ყოფილიყო სამეფო ნიშნები: ერთზე გვირგვინი და სკიპტრა, მეორეზე ხმალი და უმაღლესი გრამოტა;
8. სამი ორდენი, ალმასებით შემკული, ერთი წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა-მეფე გიორგისათვის, მეორე დიდწამებულის ეკატერინესი-დედოფალ მარიამისთვის, და წმიდა ანნას პირველ ხარისხისა- მემკვიდრე დავით ბატონიშვილისათვის.
ყოველ ამას გარდა, იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მარიამ დედოფლისა, ბატონიშვილებსა, კარის ეკლესიის მღვდელს, სიძეს მეფისას მუხრან-ბატონს და სიმამრს მეფისას თ.ციციშვილს.
მეჩვიდმეტე ეგერის პოლკი ლაზარევისა ბრძანებისამებრ მზად იყო საქართველოში წამოსასვლელად, თან უნდა გამოჰყოლოდა თვით კავალენსკიცა, რომელსაც უნდა წამოეღო პავლე იმპერატორის მიერ გამოტანებული ნივთები. დასასრულ, 19 ოქტომბერს, 1799 წელს, კნორრინგმა კვლავ ინახულა ხსენებული პოლკი, კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისათვის ბრძანება მისცა გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა.მეორე დღეს,ბრძანებისამებრ პოლკი თავისის ადგილიდამ დაიძრა, გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტფილისისკენ. კნორრინგმა მისცა დარიგება ლაზარევს, როგორ უნდა მოიქცეს და სხვათა შორის, აუწყა უმაღლესი ბრძანება :“ლაზარევის პოლკი მივა თუ არა ტფილისში, მეფე გიორგის იმისთანა პატივით უნდა შეეგებოს, როგორც წესებით მე ,იმპერატორს, მეკუთვნის, იმავე წესით სასახლის მცველნი დაუყენოს, მეფის გვირგვინის კურთხევის დღეს პოლკი საპარადოდ განწყობილ იქნას და ბატალიონებად დამწკრივებულ, როცა მეფე გიორგი შევა ეკლესიაში და გამოვა, ჯარმა შესაფერი პატივი მისცეს.“
დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოსდგა ფეხი. ვიწრო აღმართ-დაღმართები, თოვლი და ყინვა ,გაფუჭებული გზები, ზოგან სურსათის ნაკლებლობა. ყოველივე ეს ერთად, აბრკოლებდა ჯარს. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ხელდახელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერა ხერხდებოდა, როგორც იყო, ჯარმა ყოველს დაბრკოლებას სძლია, გადმოიარა მთები და გადმოხედა არაგვის ხეობის დაბლობებს. აქ ჯარს მიეგება ბატონიშვილი ვახტანგ, მიაგება ოთხმოცი უღელი ხარ-კამეჩი, გამომცხვარი პური და სხვა სურსათი, ტფილისამდე გზა და გზა სხვადასხვა ადგილას ორმოცდა-ათ-ათი საპალნის საზიდი ცხენი მოუმზადა. ამ სახით იარა ჯარმა მთელი თვე და ექვსი დღე და როგორც იყო მოუახლოვდა ტფილისსა.
ტფილისი დიდის ყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. ჯარს მოელოდნენ ტფილისში 26 ნოემბერს. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთუბანსა და ვერაზედ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას.
მეფე გიორგიც გაეგება თავისის ამალით თან ახლდნენ: მემკვიდრე დავით ბატონიშვილი და სხვა ბატონიშვილები, გამოჩენილნი მოხელენი საერონი და სამღვდელოებისანი და მთელი დიდკაცობა ტფილისისა. ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენლად ელოდბოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელსა ,მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა.
ბოლოს მოვიდა ჯარიცა.მეფე გიორგი თითონ წამოუძღვა წინ და შემოიყვანა ტფილისში. სიხარულის კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთს დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდა. კავალენსკიმ ამრიგად აუწყა კნორრინგს რუსის ჯარის შემოსვლა ტფილისში :
“ჯარი,დასასრულ,მოვიდა ტფილისს; მოსვლისას იგი წარმოადგენდა სასიამოვნო სანახავსა თავისის წყობითა და წეს-რიგიანობითა. სამის ვერსტის მანძილზე დიდის ყოფით მოეგებნენ ჯარს, იმ წესით, როგორაც წინათვე დავაწყეთ მისმა უმაღლესობამ მეფე გიორგიმ და მე, მეფე მთელის თავისის წარჩინებულ საერო და სამღვდელო დიდკაცობით მიეგება ჯარს. სახლის ბინები სულ მთლად სავსე იყო თეთრ-ჩადრიან ქალებითა, კაცს ეგონებოდა მთელ ქალაქში მოფენილია კარვები ბანაკისაო. ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა, და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვით ცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგინებდა იმ ტკბილად საგრძნობელ სურათსა და უტყუარს ერთგულებას ჩვენდამი ერისას“.
მეფე გიორგიმ, გახარებულმა- რომ სასურველი აუსრულდა, ყოველივე ღონისძიება იხმარა, რომ ჯარი კარგად დაებინავებინა და სურსათი საკმაო და რიგიანი ჰქონოდა. შემოსვლის მეორეს დღესვე ჯარს გაუგზავნა ხუთ საპალნემდე ღვინო და რვაასი ცალი ხმელი თევზი, გარდა ამისა, რასაც ულუფად განწესწბული იყო. აფიცრებს სადგომად თავისი სასახლე უთავაზა, ხოლო აფიცრებმა არ ინდომეს მეფის შეწუხება და დიდი მადლობა გადაუხადეს ამისთანა გულმტკივნეულ თავაზიანობისათვის.
ესე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასევე თავგამეტებით იბრძოდა საქართელოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას.
ამ ღირსსახსოვარ დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა.
დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე,
გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხობრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა.
დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცია მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწეოდ, უნუგეშოდ, ყველასაგან შორს მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებელად და თავისის ვინაობის გადასარჩენად.
დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული. დღეს, 26 ნოენბერს 1899წ. სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ. (1899წ.)