რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებული რეიდის გამო გააკრიტიკა და ჩხრეკას „უღმერთო”, „ველური“ და „ამორალური“ უწოდა.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რეიდს გამართლება და ახსნა არ აქვს და ის „უღმერთო ბაკქანალიად“ მოიხსენია.
„ეს კიევის რეჟიმის აბსოლუტურად ამორალური და ველური ქმედებების კიდევ ერთი ნაწილია“, – დასძინა ზახაროვამ.
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გუშინ განაცხადა, რომ ჩხრეკა „დაშინების აქტი“ იყო.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ გუშინ დილით კიევ-პეჩერის ლავრაში რეიდი მოაწყვეს.