ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ქცევასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტეის როიტენი „ტვიტერზე“ წერს.
მისივე ინფორმაციით, გამოძიება უნდა ჩატარდეს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ოლივერ ვარჰეი განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში.
„კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს კანონისთვის გვერდის ავლას და ძირს უთხრის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალურობას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. მოუწოდებს კომისიას გამოიკვლიოს, წარმოადგენს თუ არა კომისრის ქცევა და პოლიტიკა ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსის და კომისრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას“, – აღნიშნულია შესწორების ტექსტში, რომელსაც ევროპარლამენტარი აქვეყნებს.