უკრაინა გეგმავს ოფიციალურად დააყენოს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის საკითხი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ამ საკითხს დღის წესრიგში ოფიციალურად დავაყენებთ. საკითხი მარტივად ჟღერს: „აქვს თუ არა რუსეთს უფლება, რომ დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და საერთოდ გაეროს წევრი იყოს? ჩვენი პასუხია – არა, არ აქვს ამის უფლება და ბევრი არგუმენტი გაგვაჩნია“ – განაცხადა კულებამ.
კულებას თქმით, ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ მისი დენუკლეარიზაციის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. „ამ საკითხს ჯერჯერობით მსოფლიო ლიდერები არ განიხილავენ, მაგრამ საექსპერტო დონეზე უკვე მიდის დისკუსია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთი, რომ მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს“ – განაცხადა კულებამ.
მანამდე გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთს გარიცხვის აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება, არ შეიძლება იყოს გაროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რომელსაც ვეტოს უფლება გააჩნია.