ხუთშაბათს, 5 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. დღის წესრიგში იყო უკრაინის ომი, სირიაში შექმნილი ვითარება და ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხი.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ენერგეტიკის საკითხები, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები, ასევე რეგიონული პროცესები, მათ შორის უკრაინასა და სირიაში ომი.
თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.
„მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
სირიის საკითხთან დაკავშირებით ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგების მისაღწევად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა უნდა დაიკავოს კონსტრუქციული პოზიცია და განახორციელოს მთელი რიგი ნაბიჯები პოლიტიკურ პროცესში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ კვირაში ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან გეგმავს.