კრემლი რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა დასავლეთის „დესტრუქციული როლი“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებულ ვითარებას შეეხნენ, რუსეთის მხრიდან ხაზგასმულია დასავლური სახელმწიფოების დესტრუქციული როლი, რომლებიც „კიევის რეჟიმს“ იარაღს და სამხედრო ტექნიკას აწვდიან“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ამავდროულად, კრემლმა დასძინა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი მზად არის იყოს შუამავალი რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
„პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს ახალ ტერიტორიულ რეალობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ერდოღანმა სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსეთიდან სურსათისა და სასუქის მიწოდების განბლოკვის შესახებაც ისაუბრეს.
„ხაზგასმით აღინიშნა კეთილსინდისიერი ინტეგრირებული მიდგომის აუცილებლობა, რაც გულისხმობს რუსული ექსპორტისთვის ყველა ბარიერის მოხსნას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.