პოლონეთმა გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის შედეგებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებაში დახმარების თხოვნით აშშ-ის კონგრესს მიმართა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, არკადიუშ მულიარჩიკის განცხადებით, ვარშავას ამ საკითხში ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები არის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია გლობალურ წესრიგზე, არის საკვანძო ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო წესრიგის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლიანობის პატივისცემას“, – განაცხადა მულიარჩიკმა.
გასულ კვირას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბერლინმა ოფიციალური ნოტით განაცხადა უარი რეპარაციების შესახებ მოლაპარაკებაზე.
გასული წლის შემოდგომაზე პოლონეთმა გერმანიას მეორე მსოფლიო ომისთვის რეპარაციის სახით 6.2 ტრილიონი ზლოტის (1.3 ტრილიონი დოლარის) გადახდა მოსთხოვა.