საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას მალე პირადობის მოწმობებით შეძლებენ – შესაბამისი წინადადება სომხეთის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება პრიორიტეტულია, რაც სომხეთის მთავრობის გეგმაშიც არის ასახული.
„საქართველო ჩვენი მოქალაქეების მივლინებისა და დასასვენებლად ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. 2019 წელს საქართველოს 1 365 000 სომხეთის მოქალაქე ეწვია“, – განაცხადა მირზოიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა ერევანში მყოფი ქართული დელეგაციის დღევანდელი ვიზიტის დროს იქნება შესაძლებელი.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისთვის პასპორტი აღარ დასჭირდებათ.