ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრაზე განუცხადეს, რომ რუსული კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებთან თავსებადი არ არის.
მისი თქმით, ეს ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივაა და იმედს იტოვებენ, რომ კანონად არ მიიღებენ.
„შეშფოთება გამოითქვა არა მხოლოდ ჩემ მიერ, არამედ ელჩების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან. ძალიან ღია აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან.
განვიხილეთ დეტალები, ეს არ იყო მარტივი დისკუსია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და გავიმეორეთ, რომ ეს ინიციატივა არის წინააღმდეგობაში როგორც მინიმუმ 2 რეკომენდაციასთან 12 რეკომენდაციიდან“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.