ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავებით, ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო.
ბერძენიშვილის თქმით, გრიგორიადისი მთელმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას.
„ეს არის რეპრესიები, სადაც აქციაზე მყოფი მთელი შემადგენლობის დაპატიმრებაა ეს, ფაქტობრივად, ეს არის გამოცხადება, რომ კარგ კანონს იღებდნენ და მისი გაპროტესტება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ეს კაცი უნდა დაიცვას მთელმა ახალგაზრდობამ. მას ხატავენ როგორც უმცირესობის წარმომადგენლად – ეთნიკური უმცირესობა, სხვანაირი უმცირესობა… მაშინ, როდესაც იგი არის დიდი უმრავლესობის, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, უნდა დაიცვას ის მთელმა საქართველომ“, – ამბობს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს „მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე“ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გრიგორიადისის დასაცავად სამოქალაქო აქტივისტებმა აქციების გამართვა დაიწყეს. პირველი აქცია 31 მარტს გაიმართა. აქცია გაიმართება დღეს 1 აპრილს პარლამენტის წინ და ასევე 2 აპრილის კანცელარიასთან. აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.