თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე სოციოლოგიური კვლევები რეგულარულად ტარდება. ბოლო გამოკითხვის შედეგად მოქმედ პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 42,6% უჭერს მხარს, ხოლო ოპოზიციის ერთიან კანდიდატს ქემალ კილიჩდაროღლუს – 46,2%. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, 14 მაისს ჩატარდება, იქ გამარჯვების შანსი 3 პარტიას აქვს. ისინი, სავარაუდოდ 7%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ერთ-ერთია თურქეთის სამართლიანობის და განვითარების (მმართველი) პარტია, 6 პარტიის გაერთიანება და შრომისა და თავისუფლების ალიანსი.
კვლევების მიხედვით, ერდოღანის პარტიას 32% უჭერს მხარს, ხოლო ოპოზიციურ ნაციონალურ ალიანსს (6 პარტიის გაერთიანებას) 27,6%. ასევე პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ქურთთა დემოკრატიულ პარტიას.
თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, 28 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ექსპერტები 14 მაისის არჩევნებს თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს უწოდებენ.