რადიკალური ოპოზიციის მიერ დაარსებული „ქოლცენტრი“ ალბათ კიდევ გამოჩნდება, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია საგამოძიებო უწყებებს მუშაობის საშუალება მიეცეთ და ყველა კითხვას მათ გასცენ პასუხი, გამოძიების დასრულების შემდეგ.
„უნდა მივენდოთ ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც თანამშრომლობენ გერმანიის საგამოძიებო უწყებებთან ერთად. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებას მალე ექნება ინფორმაცია ამ ყველაფერზე.
არასწორად მიმაჩნია ის აკვიატებაც, საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ უნდა საპარლამენტო ოპოზიციას „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით – მივცეთ საშუალება საგამოძიებო უწყებას, ვისი უშუალო კომპეტენციაც არის ამ საქმის გამოძიება, რომ იმუშაონ. მით უმეტეს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, როგორც ჩანს, დაკავშირებულიც არის ამ საქმესთან – დასახელდა ვაშაძე, ხოლო კეზერაშვილი ფიგურირებს. ამიტომ, ოპოზიციური ფლანგიდან საგამოძიებო კომისიის შექმნამ შეიძლება თავად გამოძიებას შეუშალოს ხელი. მით უმეტეს, რომ ეს საკმაოდ მასშტაბური საქმეა, რომელსაც გერმანიის პროკურატურასთან ერთად იძიებენ. ამიტომ, მივცეთ საშუალება, რომ იმუშაონ და დასრულდეს ეს პროცესი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.