ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 09:59 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
8°C clear sky

შიო მუჯირი: „რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით“

„გავმხნევდეთ ქრისტეში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენი მწუხარების ჟამს და ყოველთვის, ჩვენი სარწმუნოების გამო, აი, ამ სარწმუნოების გამო. რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით, ჩავიძირებოდით“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების მირონ-ლუკიიდან ბარში გადასვენების ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

,,ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის წინაშე ჩვენი დიდი შემწეებისა და მეოხების ლოცვით, როგორებიც არიან წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველმოქმედი, ღირსი მამა შიო მღვიმელი, წმინდა წინასწარმეტყველი ისაია, უფალი შეგვეწევა”

წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელში არის ასეთი სიტყვები, რომ იგი განაგდებდა ადამიანებისგან მწუხარებას და ცრემლებს. „გიხაროდენ, განქარვებაო მწუხარებისაო, გიხაროდენ, მომნიჭებელო სიხარულისაო“ – ასეთ სიტყვებს ვგალობთ ჩვენ. რა ძალით აკეთებდა ამას წმინდა ნიკოლოზი, რომ განაგდებდა მწუხარებას და სევდას ადამიანებისგან და ანიჭებდა სიხარულს და ნამდვილ მხიარულებას? – ეს იყო უფლის რწმენა, რომელიც მას ჰქონდა, იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზისთვის რწმენა არ იყო მხოლოდ საშუალება მარადიული გადარჩენისა, მარადიულ ცხოვრებაში გადარჩენისა, არამედ ასევე ამ მიწიერ ცხოვრებაში მწუხარებათა დაძლევის საშუალებაც იყო და ამაში იგი იყო წმინდა ეკლესიის ურყევი მოძღვრების ნამდვილი მიმდევარი, რომლის თანახმადაც, ჩვენი რწმენა არ არის მხოლოდ ღმერთის მიერ მოცემული ჭეშმარიტებების აღიარება, არამედ ასევე არის ურყევი რწმენა იმისა, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ და არასდროს დაგვტოვებს მწუხარების ჟამს, იმიტომ რომ ჩვენც ხშირად ვვარდებით ამა თუ იმ მწუხარებაში.

არის ხოლმე ისეთი გრძნობა, განცდა, რომ ამ მწუხარების, ამ სიმძიმის მეტად ატანა შეუძლებელი ხდება. ასეთი აზრებიც მოდის. ადამიანის გული უხეშდება, ჩვენი სული თითქოს ცარიელდება, გამოიფიტება და შინაგანად მივდივართ ბოროტებამდეც კი, სასოწარკვეთამდეც. აი, ამ სასოწარკვეთილებაში ხშირად გვინდება ხოლმე წმინდა დავით მეფსალმუნესთან ერთად მისი სიტყვების წარმოთქმა: „მაცხოვნე მე,ღმერთო, რამეთუ შევიდა წყალნი სულად ჩემდამდე“. თქვენ გახსოვთ ეს მისი სიტყვები: „დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა და არა არს დათმენა“. ე.ი. წმინდა დავითი ამბობს, რომ შემეწიე, ღმერთო, იმიტომ რომ მე ვიძირები ამ მწუხარებათა გაუვალ ჭაობში და სულამდე მოვიდა წყალი. „არა არს დათმენა“ ნიშნავს, რომ აღარ არის დასადგომი ამ ჭაობში, ისე ვიძირები.

ამ მწუხარებაში განსაკუთრებით დიდ გულისტკივილს იწვევს ხოლმე მარტოობის,
მიტოვებულობის შეგრძნება. ეს, მგონი, ყველას განგვიცდია, მაგრამ არასდროს უნდა მივეცეთ ამ აზრებს, ამ განწყობას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ წინაშე არის წმინდა ნიკოლოზის სარწმუნოების მაგალითი, იმ სარწმუნოების, რომლითაც იგი განაშორებდა ყოველგვარ მწუხარებას, ყოველგვარ უბედურებას ადამიანებისგან, ვინც იყო შემოვედრებული მისდამი ლოცვით. განაშორებდა და განაშორებს დღესაც. ამ მხრივ, წმინდა ნიკოლოზის სარწმუნოება იყო ყოვლისშემძლე, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთმა მოგვცეს ეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც მოვიპოვოთ ასეთი სარწმუნოება და გვახსოვდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „ამა სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გავმხნევდეთ ქრისტეში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენი მწუხარების ჟამს და ყოველთვის, ჩვენი სარწმუნოების გამო, აი, ამ სარწმუნოების გამო. რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით, ჩავიძირებოდით, მაგრამ ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის წინაშე ჩვენი დიდი შემწეებისა და მეოხების ლოცვით, როგორებიც არიან წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველმოქმედი, ღირსი მამა შიო მღვიმელი, წმინდა წინასწარმეტყველი ისაია, უფალი შეგვეწევა და აუცილებლად ჩვენს ცხოვრებაშიც ასრულდება კიდევ ერთი დანაპირები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ ყოველთვის, ყოველთა დღეთა ცხორებისა თქვენისათა, ამინ!“, – აღნიშნა შიო მუჯირმა ქადაგებისას. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები