საქართველოს პარლამენტთან აქცია „დასაჯე პედოფილი“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, უახლოეს დღეებში პარლამენტს მიმართავენ ინიციატივით, რომ პედოფილიაში ბრალდებულებთან მიმართებით სასჯელი უფრო გამკაცრდეს.
მათი თქმით, მსგავს დანაშაულზე დაკავებულთა გათავისუფლება გირაოს და პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ, მიუღებელია.
„სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის ხალხი, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია – ეს არიან ბავშვები, ეს არიან შშმ პირები. რა 7-9 წელი? 20 და უვადო პატიმრობა შეიძლება იყოს იმიტომ, რომ როდესაც ზრდასრული ადამიანი უმახინჯებს ბავშვს სიცოცხლეს, ის არ შეიძლება 7 წლით ჩასვა ციხეში“, – ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ წევრი ვახტანგ სურგულაძე.
აქციის მონაწილეებს სტატისტიკა მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამ თვეში არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის ძალადობის 50-მდე შემთხვევას ჰქონდა ადგილი.