უკრაინის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და სპეციალური ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს საფრთხეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება ბრძოლის ველზე არაფერს შეცვლის, არამედ პირიქით, ეს მხოლოდ სიტუაციას გაამწვავებს.
„უკრაინის ნატოში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და, ზოგადად, ეს გახდის მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება სხვადასხვა იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვხედავთ, რამხელა იმედს ამყარებენ დიდი დიაპაზონის რაკეტების მიწოდებაზე. ამიტომ, ბრძოლის ველზე ახალი იარაღის მიწოდება არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება აირჩიოს გზა ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც ყველაზე სწორად მიაჩნია“, – აცხადებს პუტინი.