ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიჰყიდით, – ასე მიმართა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას.
„მოკლედ შევეხები იმპიჩმენტის თემას. მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიჰყიდით. როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, ჯაფარიძე და სხვები დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებენ. ქართულმა საზოგადოებამ ეს კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.