ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 02:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

„მზად ვართ განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს“ – აშშ-ის საელჩო სუსის ფარულ ჩანაწერზე

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სუსის ცნობით, USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების ტრენინგებია ასახული.

სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წლის 26-29 სექტემბრის პერიოდში თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.

როგორც აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, USAID-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია, თუმცა საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილონ „ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს“.

„დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს. მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები