„ჯამში ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 8 ნოემბერი კი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის, წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი კანდიდატის სტატუსის საკითხს უკავშირებდნენ. დღეს ჩვენ პირველად შევიკრიბეთ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მსურს, ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შეახსენა, თუ რა რთული 20 თვე გამოიარა მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი შეიტანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„სამწუხაროდ, ამ საკითხს, რომელიც უნდა ყოფილიყო წესით გაერთიანების საფუძველი, ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის. ათასი ტყუილი ვრცელდებოდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული მილიარდობით დაფინანსება და ა. შ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ ამ საკითხის გარშემო ემოციები საზოგადოებაში. ეს იყო კლასიკური დეზინფორმაცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სწორედ იმისათვის, რომ პოლარიზაცია გაღვივებულიყო. ამ დროს ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, იყო რევოლუციის მცდელობა, გასული წლის ივნისში, თუმცა ყველაფერი ეს მცდელობა საბოლოო ჯამში დასრულდა წარუმატებლად. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე დიდ იმედებს ამყარებდნენ ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც, თუმცა ამ გეგმებს წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა დარწმუნებულია, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა და არავის მისცა საშუალება, რომ ეს საკითხი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოყენებულიყო.
„სწორედ ხალხის სიბრძნის გამო მოგვენიჭება ჩვენ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა ხალხს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალისხმევა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, ამ ფონზე ასევე საგულისხმოა დღეს გამოქვეყნებული სოციალური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში – „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი არის 20% და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვას.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს კვლევები ჩატარდა მანამდე, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებდა თავის დადებით რეკომენდაციას და უდავოა, ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რაც ასე ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას, ამიტომაც მიიღეს მათ ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილებაც.