პოლონეთის სცენარის გამეორება კი უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციურ ველზე შესაძლო გაერთიანებების საკითხს გამოეხმაურა.
„როცა ამბობ: „ერთობის მომხრე ვარ, არ დავუშვათ რუსეთზე საქართველოს დაქვემდებარებას, გავერთიანდეთ ყველა, ვისაც აქვს პროდასავლური პოზიცია“, ეს ყველაფერი არის ფიქცია. ყველა საქმე, რაც გაკეთებული აქვთ ცალკეულ ადამიანებს, იყო დასავლური ცივილიზაციისგან დაცილება. დაწყებული ადამიანების წამებიდან და ქუჩაში ხოცვიდან, დამთავრებულო იმით, რომ რუსეთს ჩააბარეს სტრატეგიული ობიექტები, ტერიტორიის დიდი ნაწილი. ეს ყველაფერი არის მათი საქმიანობა, რაც მათ აერთიანებთ. გვარამია პიროვნულად, თავისი ენერგეტიკით თუ ინტელექტით ადგილს ეძებს „გირჩთან“ და ხოშტარიასთან. ასე ჰგონია, რომ პიროვნული შესატყვისობა მათ მეტი აქვთ. ეს ლოგიკური რეალობაა, რომ ასეთ სტრატეგიას ვხედავთ. სულ ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები და რაოდენობრივად გაიმარჯვა კაჩინსკის პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მაგრამ მის წინააღმდეგ გაერთიანებულმა სხვადასხვა პარტიებმა მეტი ხმა აიღეს და ისინი აყალიბებენ მთავრობას. ამ სცენარის გამეორება კი უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან და „ნაცმოძრაობის“ მიერ საქართველოსთვის მიყენებული ჭრილობები დღემდე არის შეუხორცებელი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.