„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების წინ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები განიხილება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მიუთითებს, მათი მიღების საჭიროებაზე.
„რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი მთლიანად პარლამენტისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ეს უმრავლესობა იქნება თუ ოპოზიცია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ყველა წევრი მოიქცევა იმ დაკვეთის შესაბამისად, რომელიც მოდის ჩვენი მოსახლეობიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, ასევე სასწავლო პროგრამებს.
„მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. შარშან, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში 72 კანონია მიღებული, რომელიც ეხება განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას. ასე რომ, ეს გამოცდილება არის არა მხოლოდ საქართველოში კანონშემოქმედების მხრივ, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
კანონპროექტის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.