როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ანაკლიის პროექტზე, ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, იქნებოდა სწორედ ჩინური კომპანია; ჩვენს შემთხვევაში, საქართველო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს, როდესაც გქვია პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულაციები სამარცხვინოა.
„სამარცხვინოა ეს სპეკულაციები, როდესაც ხედავ, რომ სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა, დაიტოვა წილის 51% იმისთვის, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ჰქონოდა ამ პროექტთან მიმართებით და აქაც ცდილობ სპეკულირებას, საზოგადოება ხომ ამ ყველაფერს ხედავს. ამიტომ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამიტომ აქვს იგივე „ლელოს“ 4%-ზე ნაკლები რეიტინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.