გორისა და კასპის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში გამართულ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარსადგენ ღონისძიებას დაესწრო.
დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მასწავლებლის როლის მნიშვნელობას მომავალი თაობის ეროვნული ღირებულებებით აღზრდის საქმეში. დეპუტატმა მიულოცა და წარმატებები უსურვა წარდგენილ მასწავლებლებს.
გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე 21 პედაგოგია წარდგენილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ წელს, დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება.
მიმდინარე წელს რიგით მეორე კონკურსი გაიმართება. გამარჯვებულებს მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული კომისია გამოავლენს.
გამარჯვებულ პედაგოგებს მასწავლებლის პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცემათ.