უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირობების მიღება, უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური დასასრული იქნება.
როგორც კულება Politico-სთან ინტერვიუში ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულება მისი ქვეყნისთვის ხელსაყრელი პირობებით შეძლოს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან გარიგების დადებისთის არ არის განწყობილი.
„პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეძლებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის და უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიის განადგურებას. ის თვლის, რომ ერთი ნაბიჯი დარჩა იქამდე, სანამ დასავლეთს სუსტად წარმოაჩენს. უკრაინა პუტინის პირადი აკვიატებაა, მაგრამ უკრაინის განადგურება ასევე არის მისი დიდი მიზნის მიღწევის საშუალება – აჩვენოს მსოფლიოს, რომ დასავლეთს არ შეუძლია თავის დაცვა“, – ამბობს კულება.
როგორც Politico წერს, მან ასევე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი შეთანხმება, სავარაუდოდ, მოიცავს ტერიტორიულ დათმობებს და ერთგვარ დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
„რუსები შეინარჩუნებენ დონბასს, ყირიმს და არანაირი NATO-ს წევრობა. შეუძლია თუ არა ზელენსკის ამ ხელშეკრულების ხელმოწერა? ის ამას ვერ გააკეთებს კონსტიტუციის გამო და იმის გამოც, რომ ეს მისი პოლიტიკური დასასრული იქნება“, – ამბობს კულება.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავ, მან თავისი გადადგომის მიზეზებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა – „ზელენსკიმ ხელისუფლებაში ძლიერი ადამიანები უნდა დააბრუნოს“.