აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი ოჯახის წევრებისა და ზოგიერთი ფიგურის შეწყალების გამო და აღნიშნა, რომ „სამწუხაროა“, ბაიდენმა საკუთარი თავი რომ არ შეიწყალა. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, წერს CNN.
ტრამპის თქმით, შესაძლოა, „სამწუხარო“ იყოს, რომ ბაიდენმა საკუთარი თავი არ შეიწყალა.
„თქვენ იცით, ყველაზე სასაცილო და შესაძლოა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მან საკუთარი თავი არ შეიწყალა”, – აღნიშნა მან.
მოგვიანებით ტრამპმა დაამატა, რომ თავად „ოთხი წელი ჯოჯოხეთში გაატარა“, „მილიონობით დოლარი დახარჯა იურიდიული გადასახადებისთვის“, თუმცა „გაიმარჯვა, მაგრამ რთული გზით“.
„და მართლაც ძნელი სათქმელია, რომ მათ არ უნდა გაიარონ ეს ყველაფერი. ასე რომ, ამის თქმა ძალიან რთულია“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, სურს თუ არა კონგრესმა გამოიძიოს მისი წინამორბედი, ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, კონგრესს მივცემთ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას“.
ინფორმაციისთვის, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება მისი ძმის ჯეიმს ბ. ბაიდენისა და მეუღლის სარა ჯონს ბაიდენის შესაწყალებლად. ბაიდენმა ასევე შეიწყალა მისი და ვალერი ბაიდენ ოუენსი, სიძე ჯონ ოუენსი და მისი უმცროსი ძმა ფრენსის ბაიდენი.
მანამდე ბაიდენმა გადაწყვიტა პრევენციულად შეეწყალებინა რამდენიმე თანამდებობის პირი, კერძოდ, გაერთიანებული შტაბის ყოფილი თავმჯდომარე მარკ მილი და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ენტონი ფაუჩი. პრევენციული შეწყალება ასევე ეხებოდათ კონგრესის წევრებს, რომლებიც მუშაობდნენ კომიტეტში და კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს თავდასხმის საქმეს იძიებდნენ.