საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომლის მეშვეობითაც ამერიკულ პროდუქციას ექნება საშუალება, უფრო დიდ ბაზრებზე ეფექტიანი წვდომის და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი იგივე ვაჭრობის სამინისტროში, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ აშშ-დან ჩართვისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობებში სავაჭრო ურთიერთობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
„საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ. საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. დღეს ის 2,2 მლრდ დოლარს შეადგენს, თუმცა პირველი ორი თვის მონაცემებით, თითქმის გაორმაგებულია და ჩვენი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით, 0,5მლრდ დოლარს შეადგენდა.
საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რამდენიმე მსხვილი ამერიკული პროდუქტისთვის. საქართველოში ეს პროდუქცია შემოდის და საქართველო არის სავაჭრო ჰაბი, საიდანაც ნაწილდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე შუა აზიაში და სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, პერსპექტივაში, საქართველო ამერიკისთვის არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, რომლის მეშვეობითაც ამერიკულ პროდუქციას ექნება საშუალება, უფრო დიდ ბაზრებზე ეფექტიანი წვდომის და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი იგივე ვაჭრობის სამინისტროში. ამაზე საუბარი გაგრძელდება დღის განმავლობაში ჩვენს კოლეგებთან უკვე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში.
რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესოა ამერიკის სამომხმარებლო ბაზარი. ეს არის მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე საკმაოდ დიდი ბაზარი, ყველაზე დიდი ბაზარი და გარკვეული პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, შეიძლება იყოს ასევე საინტერესო ამერიკაში ექსპორტის თვალსაზრისით.
ის პროდუქცია, რომელიც აშშ-დან შემოდის, საქართველოში საწყობდება, საქართველოში იქმნება დამატებითი ღირებულება, საქართველოდან ხდება რეექსპორტი და საქართველოს ეკონომიკისთვის ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. აქ კიდევ ერთი მომენტია, სადაც თანხვედრაშია ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ინტერესები“, – განაცხადა დავითაშვილმა.