„ოპოზიციური პარტია „ლელო“ კიდევ ერთმა ცნობილმა ფიგურამ, ანა ნაცვლიშვილმა დატოვა. როგორც თავად განმარტავს, მისი გადაწყვეტილება უკავშირდება პრინციპების დაცვასა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას.
„მეგობრებო, ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რისიც მჯეროდა, რაც სწორად მიმაჩნდა ვითარების და კონტექსტის გათვალისწინებით. რათქმაუნდა, შევმცდარვარ კიდეც და ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობა ჩემია. მაგრამ არასდროს გამიკეთებია და დამირწმუნებია სხვა იმაში, რისიც თავად არ მჯეროდა“, — წერს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, პროდასავლური ფლანგის ერთ-ერთ დიდ სისუსტედ მიაჩნია, რომ 26 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ არ შეიქმნა საერთო სტრატეგიული ფორმატი, რომელიც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იქნებოდა. როგორც აღნიშნავს, ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა, თუმცა ბოლომდე ვერ განხორციელდა.
„ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს“, — აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
მან ხაზი გაუსვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ გაიზიარებს და ამიტომ გადაწყვიტა, დაეტოვებინა პარტიის პოლიტსაბჭო. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ემოციურად მძიმე იყო, თუმცა საზოგადოებასთან გულწრფელობის სურვილი გაიმარჯვა.
„ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი — თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი“, — აღნიშნა მან.
ნაცვლიშვილი უარყოფს ბრალდებებს, რომ ვინმე „გაიყიდა“ და პარტიის დატოვებას სხვაგვარად ხედავს: „კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად.“
განცხადების ბოლოს ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს, რომ გააგრძელებს ბრძოლას დამოუკიდებელი, ევროპული და ძლიერი საქართველოსთვის: „თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!“
ოპოზიციურ ბანაკში მსგავსი შიდა დაპირისპირებები ხშირად აჩენს კითხვებს ერთიანობაზე და საერთო სტრატეგიის გამართვაზე. საზოგადოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას პრინციპულ ნაბიჯად აღიქვამს, ნაწილი კი მორიგ სიგნალად ოპოზიციის რიგებში მიმდინარე გაურკვევლობისა და უთანხმოების შესახებ.
მაშინ, როდესაც „ლელო“ ცდილობს გაერთიანების და ბრძოლის ახალ სტრატეგიებზე ფოკუსირებას, ნაცვლიშვილის ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად რთულია შეთანხმება და საერთო გზის პოვნა.“