აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დარწმუნებულია, რომ რიგი ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ასეთი სახელმწიფოს შექმნა ისრაელის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Fox Radio-ს ეთერში განაცხადა, რომლის ჩანაწერსაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
რუბიომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარების განზრახვას „კონტრპროდუქტიულად“ მიიჩნევს.
„ეს არაფერს ნიშნავს. პირველ რიგში, ამ ქვეყნებიდან არცერთს არ აქვს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა. პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. მეორეც, მათ არც კი შეუძლიათ თქვან, სად განთავსდება ეს სახელმწიფო. მათ არ შეუძლიათ თქვან, ვინ მართავს მას. და მესამე, ვფიქრობ, ეს კონტრპროდუქტიულია“, – განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ასეთი აღიარება „ჰამასის“ დაჯგუფებას მხოლოდ შემდგომი ესკალაციისკენ უბიძგებს.
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ „ჰამასი“… თქვენ კვლავ გყავთ 20 უდანაშაულო ადამიანი მძევლად. თქვენ გყავთ 50-ზე მეტი ადამიანის ცხედარი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს მოკალით, გააუპატიურეთ და დახოცეთ. თქვენ სადღაც გვირაბში სხედხართ, როგორც მშიშარები და შემდეგ პრესაში კითხულობთ, ან გესმით, რომ ყველა ეს ქვეყანა თქვენს მხარესაა… საბოლოო ჯამში, „ჰამასის“ მხარე პალესტინის სახელმწიფოებრიობის მხარეა. ასე რომ, თქვენ ქმნით ამ ჯილდოს“, – დასძინა რუბიომ.
მან ასევე გაიხსენა, რომ სწორედ „ჰამასი“ არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას. ამ კონტექსტში მან გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის განცხადება პალესტინის აღიარების განზრახვის შესახებ, თუ ისრაელი ზავს არ დათანხმდება.
„ჰამასის“ ადგილას რომ ვიყო, ვიტყოდი, იცით რა, ნუ დავეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტას. თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს იმის გარანტიას იძლევა, რომ სექტემბერში ყველა ეს ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამიტომ ისინი არ დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას“, – ხაზგასმით აღნიშნა რუბიომ.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყნის გადაწყვეტილება პალესტინის აღიარების შესახებ შიდა პოლიტიკით იყო გამოწვეული.
„მაგრამ ისინი ზიანს აყენებენ – ისინი სინამდვილეში ზიანს აყენებენ საქმეს, ისინი არ ეხმარებიან, რადგან მათი განცხადება არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ წაახალისებს და დააჯილდოებს „ჰამასს“, რომელსაც ახლა ყველანაირი მიზეზი აქვს, არ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და არ გაათავისუფლოს ეს მძევლები“, – დაასკვნა რუბიომ.