რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„როცა მოთხოვნა უსამართლობაზეა დამყარებული, რა თქმა უნდა, ამას ხანგრძლივი და განგრძობითი შედეგი არ ექნება. ვფიქრობ, ეს ამ პერიოდში პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის გამოიყენებოდა და ალბათ, გარემოებები ისე შეიცვლება, რომ ამ შანტაჟის აზრიც საბოლოო ჯამში, დაიკარგება. ასე, რომ ჩვენ ამ ჩვენს პოზიციაზე მყარად ვდგავართ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პოზიცია საქართველოს, საბოლოო ჯამში, ყველა მიმართულებით წარმატებას მოუტანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში არ მოდის. ისინი ხელისუფლებისგან კანონების გაუქმებას ითხოვენ. მმართველი გუნდში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ არ აპირებენ იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაა და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.