აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერა, რათა მიაღწიოს მშვიდობიან დარეგულირებას. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ცდილობს, კიევი დაარწმუნოს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში.
„ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა შეთანხმებას მიაღწიოს ვლადიმირ პუტინთან პარასკევს, ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ,“ – წერს სააგენტო.
მანამდე Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი სრულ კონტროლს იღებს დონბასზე.
18 აგვისტოს ვაშინგტონში დაგეგმილია ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა. შეხვედრას დაესწრებიან ასევე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ევროპელი ლიდერები.