უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ტერიტორიების საკითხის განსახილველად მზადაა.
„როცა ჩვენ ტერიტორიულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ მზადაა პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს და განიხილოს ის. ტერიტორიული საკითხების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება – ეს არის შეხების ხაზი, რომელიც ახლა არის გავლებული“, – აღნიშნა კისლიცამ.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ზელენსკი ტერიტორიულ საკითხში ხელმძღვანელობს როგორც „მოქმედი უკრაინული კანონმდებლობით, ისე საზოგადოებრივი აზრით“. ამასთან, უკრაინული საზოგადოება „კატეგორიულად წინააღმდეგია ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ გაცვალოს“.
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, კისლიცას თქმით, პროცესი არ გაყინულა, ის წინ მიიწევს.
„სამწუხაროდ, არა ისე სწრაფად, როგორც გვსურს, მაგრამ ვთვლი, რომ მიმდინარე ორშაბათს თეთრ სახლში გამართული შეხვედრა უკანასკნელი თვეების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელშიც პრეზიდენტმა ტრამპმა გადამწყვეტი როლი ითამაშა“, – აღნიშნა კისლიცამ.