დასავლეთის ქვეყნები „ფერად რევოლუციებში“ პირდაპირი მეთოდებით მოქმედებენ, მიიჩნევს სერბეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკო.
ასეთი განცხადება დიპლომატმა სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ევროკავშირი ფანტაზიას არ იჩენს.
„ევროკავშირი ახლა ყველა მიმართულებით — იქნება ეს უკრაინის კრიზისის დარეგულირებაში მონაწილეობა თუ მსგავსი პროცესები — საერთოდ არ იჩენს წარმოსახვას, მოქმედებს სრულიად პირდაპირ, ზოგჯერ კი უხეშადაც. თუ ოდესღაც მოახერხეს მოტყუება, ჰგონიათ, რომ ამას უსასრულოდ შეძლებენ,“ — განაცხადა ბოცან-ხარჩენკომ.
ელჩის შეფასებით, თუ საქმე ეხება რომელიმე ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებებს, ევროპული ქვეყნები მხარეებს, როგორც წესი, „კონფლიქტის გაყინვის“ ვარიანტს სთავაზობენ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება.
„ისინი თავიდან ბოლომდე ერთსა და იმავეს იმეორებენ: რაღაც შეთანხმებებს, რომელსაც არავინ შეასრულებს. ამ დროის განმავლობაში კი შესაძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღება, ხელახალი შეიარაღება და დამატებით აღჭურვა. როგორ? მშვიდობის შეთანხმებაზე საუბრის საფარით,“ — განმარტა დიპლომატმა.
ბოცან-ხარჩენკოს თქმით, როდესაც რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იწყება, დასავლეთი ხშირად ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შუამავლობას სთავაზობს, თუმცა რეალურად კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს უჭერს მხარს.