აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირის ბოლოს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან საუბარს გეგმავს და აცხადებს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ევროპაში „ძალიან კარგად“ წარიმართა. ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ევროპაში გამართულმა დიდმა სავაჭრო შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! ის მალე დასრულდება. ასევე, შეთანხმებას მივაღწიეთ „გარკვეულ“ კომპანიაზე, რომლის გადარჩენაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას ძალიან სურდა. ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან!“, – დაწერა ტრამპმა.
ამასთან, ამერიკელმა ლიდერმა დააანონსა სი ძინპინთან საუბარი, რომელიც 19 სექტემბერს არის დაგეგმილი.
„პარასკევს პრეზიდენტ სი ძინპინთან ვისაუბრებ. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ძლიერი რჩება“, – დასძინა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, 14 სექტემბერს მადრიდში აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალურ პირებს შორის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მეოთხე შეხვედრა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა და ჩინეთმა სოციალური ქსელის, TikTok-ის გაყიდვის თაობაზე ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს.