ჩინური გამოცემა Sohu იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაპირველად განიხილავდა უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების Tomahawk-ის გადაცემას, რათა კიევს შესაძლებლობა ჰქონოდა რუსეთის ტერიტორიაზე მიეტანა დარტყმები. თუმცა, რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, მკაცრმა გაფრთხილებამ მას პოზიციის გადახედვა აიძულა.
სტატიის მიხედვით, პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი მკაცრ და დაუყოვნებელ რეაგირებას მოახდენდა, თუკი კიევს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიაწვდიდნენ. მსგავსი გაფრთხილება, გამოცემის ცნობით, პუტინმა ტრამპს პირადადაც გადასცა სატელეფონო საუბრისას.
Sohu ხაზს უსვამს, რომ პუტინის არგუმენტებმა გავლენა მოახდინა თეთრი სახლის გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი თავდაპირველად იმუქრებოდა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებითა და ახალი სანქციების დაწესებით, მოგვიანებით მან უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა.
გავრცელებული ცნობების მიუხედავად — თითქოს ვაშინგტონმა უკრაინას ნება დართო დასავლური შეიარაღება რუსეთის ობიექტებზე გამოეყენებინა — ტრამპმა ეს ინფორმაცია „ფეიქ ნიუსად“ გამოაცხადა და საჯაროდ უარყო ნებისმიერი ფორმის მონაწილეობა უკრაინის თავდასხმით ოპერაციებში.
შემდგომში ტრამპმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ აშშ არ აკონტროლებს უკრაინის მიერ გამოყენებულ იარაღს და არ არის დაკავშირებული კონკრეტულ სამხედრო ქმედებებთან. გამოცემის შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პუტინმა შეძლო ტრამპის შეკავება და ამ ეტაპზე ვაშინგტონი არ აპირებს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას.
ჩინური გამოცემა მიიჩნევს, რომ ტრამპი ცდილობს უკრაინის ომი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, თუმცა აშკარად ცდილობს თავიდან აიცილოს ღია კონფრონტაცია რუსეთთან. ამასთან, ტრამპმა დასავლური რაკეტების გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ევროპელ მოკავშირეებს გადააბარა, რაც მის ნებაყოფლობას მიუთითებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და ამით მოსკოვს დამატებით მანევრის საშუალებას აძლევს ნატოს ზეწოლაზე პასუხის გასაცემად.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეარხ „Россия 1“-თან ინტერვიუში, გადაცემაში „Москва. Кремль. Путин“, აღნიშნა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება „დაანგრევს პოზიტიურ ტენდენციებს“ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებში და შესაძლოა გაამწვავოს გლობალური უსაფრთხოების სისტემა.