ქართველი ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ქვეყნის უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა — მიხეილ სააკაშვილი — დღეს უპირისპირდება საკუთარ სრულ ანტიპოდს, ბიძინა ივანიშვილს, სიმბოლურ კატეგორიაში: „ვის უფრო უყვარდა ადამიანი“.
ქართველიშვილის თქმით, სააკაშვილის მმართველობის სტილი იყო ნარცისულ-ავტორიტარული და დისოციალური, რაც სახელმწიფოს ძალადობრივ სტრუქტურად გარდაქმნიდა.
„სააკაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია ზუსტად ასახავს მის ფსიქოლოგიურ კონსტრუქციას — ნარცისულ ბირთვს, სადაც ძალაუფლება საკუთარ პერსონალურ მითთან აიგივდა. მისთვის სახელმწიფო არ იყო ინსტიტუტების ქსელი, არამედ თეატრალური სცენა, რომელზეც თავად ასრულებდა ‘ისტორიულ როლს’. სწორედ ამ პიროვნულმა კონფიგურაციამ განაპირობა ძალადობის ნორმალიზაცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა,“ — აღნიშნავს ქართველიშვილი.
მისი შეფასებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ემპათიის ნაკლებობამ და მორალური საზღვრების წაშლამ სახელმწიფო ძალადობა ინსტიტუციურ სისტემად აქცია — რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა პენიტენციურ სისტემასა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ რეპრესიულ პოლიტიკაში.
„როდესაც ლიდერის პიროვნული სტრუქტურა ნარცისულ-დისოციალურია, სახელმწიფო გარდაუვალად იღებს ძალადობის ფორმას. ამ ფონზე ქველმოქმედისა და სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტის შედარება მსგავს პათოლოგიურ ფიგურასთან მხოლოდ შეურაცხად ცნობიერებას შეუძლია,“ — დასძენს ანალიტიკოსი.
ქართველიშვილის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური ქცევის ფორმა უფრო ჰგავდა თეატრალიზებულ სპექტაკლს, სადაც მმართველი აუდიტორიას ემოციებით მართავდა და საკუთარ მნიშვნელობას პერმანენტულად ამტკიცებდა.
 
				