ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 08:49 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
6°C clear sky

პოლიტიკოსების ცინიზმი ეს უკვე უკრაინის გმირების შეურაცხყოფაა – „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხანა კვლავ ცეცხლის ქვეშ არის და ევაკუაცია არ დასრულებულა, ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა და გაიყვანოს მებრძოლები.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ყველა ევაკუირებულია? ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რადგან არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ან სამთავრობო სტრუქტურა, ჩვენი უკრაინელი პოლიტიკოსები არ მოსულან აქ“, – აღნიშნა სვიატოსლავ პალამარმა.

მისი თქმით, ორი დღის წინ ე.წ. „დუმილის რეჟიმის“ დროს სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა: „ეს არის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ფასი“.

„გამაოცა ჩვენი პოლიტიკოსების ცინიზმმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს, მაგრამ უკრაინელი სამხედროების შესახებ სიტყვაც არ უთქვამთ, რომ ისინი ამ პროცესში დაიღუპნენ. ამ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მადლობა არ გადაუხადეს. ისინი ამას არ აკეთებენ მადლიერების გამო. სიცოცხლის ფასად ასრულებენ არარეალურ, საგმირო საქმეებს არარეალურ პირობებში. ევაკუაციის დროს ერთ-ერთმა ჩვენმა პოლიტიკოსმა ჩვენს ერთ-ერთ მეთაურს უთხრა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მარიუპოლის ევაკუაციას ხელმძღვანელობდა და ევაკუაციაში იყო ჩართული: „თქვენ იქ რაღაც თქვენი საქმეებით ხართ დაკავებული, მაგრამ არა იმით, რაც საჭიროა“. ამ მეთაურს ცეცხლი გაუხსნეს და კინაღამ მოკლეს. ეს უკრაინის გმირის შეურაცხყოფაა. ეს ძალიან უსიამოვნოა. ამის შემდეგ გულზე ჭრილობა რჩება“, – განაცხადა მან.

პალამარის თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსების სიტყვები ჟღერს, როგორც „ჩვენ ყველას მადლობას ვუხდით, მაგრამ სამხედროებს მადლობას არ ვუხდით“.

„ჩვენ აქ სიტყვებისთვის არ ვართ. ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარეს ვართ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამხედრო მოვალეობას. ჩვენ არ გვჭირდება ქება, მაგრამ გვჭირდება სამართლიანობა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე. დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ არ ვართ იმ სიტუაციაში, რომ მოვიტყუოთ“, – განაცხადა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები