ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:16 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

რა უნდა იცოდეთ „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ და როგორ ავიცილოთ ეს ვირუსი თავიდან?

„მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევები უკვე ისრაელსა და შვეიცარიაშიც დადასტურდა. შესაბამისად, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ეს დაავადება გამოვლინდა, 14-მდე გაიზარდა. არა და, მაიმუნის ეს უცნაური ვირუსი, აფრიკის ფარგლებს გარეთ უკიდურესად იშვიათად ფიქსირდებოდა. რამდენად საშიშია ის და რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? – Deutsche Welle-მ გამოიკვლია.

 

რა სიმპტომები ახასიათებს „მაიმუნის ყვავილს“?

 

„მაიმუნის ყვავილი“ ადამიანებში ჩირქოვანი ფერისმჭამელებისა და ბუშტუკების სახით კანზე ვლინდება. ამ ტიპის გამონაყარი კი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. გამონაყარი დაავადების ფაზის მიხედვით განსხვავებულია და შეიძლება ჩუტყვავილას ან სიფილისის სიმპტომს დაემსგავსოს. დაახლოებით სამი-ოთხი კვირის შემდეგ ვირუსი ქრება. ის ძალიან იშვიათ შემთხვევაში (როგორც წესი, მცირეწლოვან ბავშვებში) არის ფატალური. „მაიმუნის ყვავილის“ ინკუბაციური პერიოდი 7-დან 21 დღემდეა, თუმცა სიმპტომები, ჩვეულებისამებრ, 10-14 დღის განმავლობაში ვლინდება. ამ დროს კანზე გამონაყარის პარალელურად, ადამიანს შეიძლება დაეწყოს თავის, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ცხელება, ციება, სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება.

 

როგორ დავიცვათ თავი „მაიმუნის ყვავილისგან“?

 

ამ დაავადების წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური თერაპია ან ვაქცინაცია არ არსებობს. თუმცა ექიმები მიიჩნევენ, რომ ჩვეულებრივი ყვავილის აცრა ადამიანს „მაიმუნის ყვავილისგანაც” იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირში არ არის ჩვეულებრივი ყვავილის ვირუსთან, ორივე მათგანი ვირუსების ერთსა და იმავე ტიპს მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ, მათი მსგავსება საკმარისია იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ ინფექციას წინააღმდეგობა გაუწიოს. როგორც ცნობილია, ჩვეულებრივი ყვავილი მთელ მსოფლიოში 1980 წლისთვის სწორედ ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის წყალობით აღმოიფხვრა. თუმცა რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ყვავილის წინააღმდეგ აცრილი აღარ არის.

 

როგორ ვრცელდება ეს ვირუსი?

 

„მაიმუნის ყვავილი“ ერთი ადამიანიდან მეორეს რომ გადაედოს, ამისთვის ძალიან მჭიდრო კონტაქტია საჭირო. უმეტეს შემთხვევაში, ინფექციის ჯაჭვი მხოლოდ რამდენიმე ადამიანით  შემოიფარგლება. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა იმის დასადგენად, ხდება თუ არა გადაცემა კანის დაზიანებულ უბანთან კონტაქტის შედეგად. დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც ევროპაში „მაიმუნის ყვავილი“ პირველად გამოვლინდა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა ადვილად შეძლეს ინფექციის წარმოშობის კვალის დადგენა, რადგან, როგორც ჩანს, პაციენტმა იშვიათი ვირუსი ნიგერიაში მოგზაურობიდან ჩამოიტანა.

ამავდროულად, ბოლო რამდენიმე შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა გაცილებით გართულდა, რადგან ინფიცირებულებს აფრიკაში არ უმოგზაურიათ და არც სხვა დაავადებულებთან ჰქონიათ კონტაქტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახლა ინტენსიურად ეძებენ ჯერ კიდევ გაურკვეველ კავშირებს დადასტურებულ შემთხვევებს შორის, რამდენადაც მაიმუნის ეს ვირუსი ადამიანებს შორის ადვილად არ ვრცელდება.

 

არის თუ არა ეს ვირუსი სქესობრივი გზით  გადამდები?

 

აქამდე დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ეხება კაცებს, რომელთაც სექსი თავიანთი სქესის წარმომადგენლებთან ჰქონდათ. თუმცა ბრიტანელი ექსპერტების განმარტებით, ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანებში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. „სანამ მკაფიო ეპიდემიოლოგიური მონაცემები და ანალიზი არ გვექნება, ალბათ ძალიან ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება ვირუსის გადაცემის გზებზე ან იმის ვარაუდი, რომ ინფიცირებისთვის სექსუალური აქტივობა აუცილებელი იყო,“ – განაცხადა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ვირუსოლოგიის პროფესორმა მაიკლ სკინერმა.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) პროფესორი ჯიმი უიტვორტი კი მიიჩნევს, რომ ”ამ ვირუსის გავრცელების ყველაზე სავარაუდო გზა არის ძალიან მჭიდრო კონტაქტი: კანზე შეხება ან საზიარო ჭურჭელი და საწოლის თეთრეული. ინფექციის რეალური გადაცემა გენიტალიური ან ორალური გზით, მხედველობაში არ უნდა იყოს მიღებული“.

 

არის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ კლასიკური ზოონოზური ინფექცია?

 

„მაიმუნის ყვავილი“ პირველად ადამიანს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970 წელს დაუდასტურდა. დაავადების ცალკეული შემთხვევები ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდებოდა. ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ენდემურ რისკს უკიდურესად დაბალ საფრთხედ აფასებს.  სავარაუდოდ, „მაიმუნის ყვავილის“ გამომწვევი პათოგენი მღრღნელებში ცირკულირებს. მაიმუნები კი ამ ვირუსის ე.წ. ცრუ მასპინძლებად ითვლებიან. ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ, მაგრამ ვირუსი მათ სხეულში შემდგომ განვითარებას ვეღარ ახერხებს.

„ვირუსი შეიძლება ინფიცირებული ცხოველის სეკრეციასთან კონტაქტით გავრცელდეს“, – ნათქვამია რობერტ კოხის ინსტიტუტის ანგარიშში. თუმცა გადაცემა ძირითადად ხდება ნაკბენით (მაგ. ციყვი, ვირთხა, პრიმატები), ცხოველებთან (მაგ. შინაური ცხოველები) კონტაქტით, ცხოველების სისხლსა და სეკრეციასთან შეხებით, ცხოველის ხორცის (მაგ. ინფიცირებული მაიმუნის) ჭამითა და წვეთოვანი გზით ინფიცირებით. ამრიგად, ეს არის კლასიკური ზოონოზი (ცხოველთა დაავადება), რომელიც გამოწვეულია ინფიცირებულ ცხოველებთან მჭიდრო კონტაქტით ან მათი ხორცის ჭამით.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები