რუსეთის სახელმწიფო დუმაში ინიცირებულია კანონპროექტი „ლიტვის (ლიეტუვის) დამოუკიდებლობის გაუქმების“ შესახებ. ამის თაობაზე Deutche Welle იუწყება.
დოკუმენტის ინიცირება ფრაქცია „ედინაია როსიას“ მიერ მოხდა. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამით ნატოში ლიეტუვის წევრობის გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
დოკუმენტის სრული სახელწოდებაა „სსრკ სახელმწიფო საბჭოს დადგენილების გაუქმება ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“. დუმაში კანონპროექტი 8 ივნისს იყო რეგისტრირებული. ის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს უკვე გადაეგზავნა.
როგორც დეპუტატი ევგენი ფიოდოროვი აცხადებს, ლიტვის დამოუკიდებლობის აღიარების დროს დარღვეული იყო საბჭოთა კავშირის კანონი საბჭოთა რესპუბლიკის გამოყოფის შესახებ. რადგანაც ლიტვაში საბჭოთა კავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარებულა. დეპუტატს მიაჩნია, რომ ნატოს მე-6 პუნქტის შესაბამისად საკამათო იურიდიულ სუბიექტებს ალიანსში წევრობა არ შეუძლიათ.
დუმის დეპუტატის ამ ინიციატივაზე კრემლში განაცხადეს, რომ მის შესახებ „არაფერი იციან“.
ცნობისთვის, 1990 წლის 11 მარტს ლიტვის საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელწოდება ლიტვის (ლიეტუვის) რესპუბლიკად გადააკეთა და მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირა. 1991 წლის 6 სექტემბერს სსრკ სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც მიხეილ გორბაჩოვი ედგა სათავეში, ლიეტუვის დამოუკიდებლობა აღიარა. 2004 წელს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდა.