ისრაელი და პალესტინელი ჯიჰადისტი მებრძოლები 7 აგვისტოს საღამოდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ Reuters-ი ეგვიპტელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ეგვიპტელი ანონიმური წყაროს განცხადებით, ისრაელი დათანხმდა წინადადებას და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (საქართველოს დროით 21:00 საათზე) ცეცხლი შეწყდება.
ისრაელისა და ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაადასტურეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ კაიროსთან კონტაქტი აქვთ.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს ისრაელმა პალესტინის ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს შემდეგ, ისრაელის მიმართულებით პალესტინიდან თითქმის 400 რაკეტა გაისროლეს.
აღნიშნული დაძაბულობა არის ყველაზე სერიოზული ესკალაცია ისრაელსა და ღაზას შორის 2021 წლის მაისში 11-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, რის შედეგადაც 200-ზე მეტი პალესტინელი და ათეულობით ებრაელი დაიღუპა.
ჰამასი, ამ რეგიონში მებრძოლთა ყველაზე დიდი დაჯგუფება, რომელსაც ისლამური ჯიჰადის მსგავსი იდეოლოგია აქვს, ჯერჯერობით დუმს და კონფლიქტში ღიად არ ჩარეულა.