თბილისის მერმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ მოინახულა.
მოზარდის მონახულების შემდეგ, კალაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა, მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.
დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.