ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო. ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე საათით ადრე, 45 წლის მელონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ერთხმად სთხოვეს პრეზიდენტ სერჯიო მატარელას, მისთვის ქვეყნის მართვის მანდატი მიენიჭებინა.
ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.
შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლიგა“.