რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში ბრალდებული ირანელი გენერალი, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, მუჰამედ ჰუსეინ ბაგერი ევროკავშირს სანქციების გამო აკრიტიკებს და ბლოკს „ურჩევს“ საკუთარი მოქალაქეების სახლების გასათბობად ქვანახშირი იყიდოს.
„უფლება აქვთ, ჩამოართვან გენერალ-მაიორ მუჰამედ ჰუსეინ ბაგერის მთელი ქონება და აქტივები მთელი მსოფლიოში ბანკებში და გამოიყენონ ქვანახშირის შესაძენად ევროპელი მოქალაქეებისთვის, წინ რთული ზამთარია“, – აღნიშნა მან.
შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ისეთივე „შეცდომას“ უწოდებს, როგორიც აშშ-მა დაუშვა, როცა მას 2019 წელს სანქციები დაუწესა.
ცნობისათვის, ბაგერი იმ სამ ირანელ სამხედრო ოფიციალურ პირს შორისაა, რომელსაც გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა რუსეთის მიერ ირანული დრონების უკრაინაში გამოყენებასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესეს.