ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 00:19 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
12°C clear sky

საქართველოს ისტორია საუკუნეები შეინახავს ომის დროს ასფალტზე მფორთხავის, ხოლო ომის დამთავრებისთანავე რუსი ტურისტების ხელგაშლილად მოპატიჟე სააკაშვილის სამარცხვინო ფურცლებს – ნანა კაკაბაძე

„ოპოზიციის პრეტენზია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ისე არ აგინებენ რუსეთს, როგორც აშშ, ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი. საქართველო ყველა ანტირუსულ საერთაშორისო რეზოლუციასაა მიერთებული, ისინი კი ამაზე თვალს ხუჭავენ“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს ოპოზიცია დღევანდელ ხელისუფლებას  ერთპიროვნულ მმართველობას უწუნებს და ამტკიცებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან მართავს.

მისივე თქმით ხალხი ერთმანეთს ადარებს ამ ორ მმართველობას და კარგად ხედავს, რომ კლასიკური ავტორიტარიზმი  საქართველოში სწორედ სააკაშვილის დროს იყო.

„ლუზერები ქართულ ოპოზიციაში. ქართულ ოპოზიციაში ბევრი  გამოცდილი და მრავლისმნახველი პოლიტიკოსია. მათი გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ მხოლოდ პარტიებს შეგახსენებთ – „ენმ“, „სტრატეგია“, „დროა“, „ლელო“, „გირჩი – მირჩი“, „გახარია – მახარია“, „შალიკო – ვალიკო“ და ა.შ. და ა.შ. ამ პარტიების ლიდერები ბოლო ათწლეულების განმავლობაში იმდენ სირთულეზე გადამხტარან, იმდენი ავი და კარგი უნახავთ ცხოვრებაში,  გასაკვირია, რატომ არ ესმით მათი სისტემატური წარუმატებლობის მიზეზები.

ხალხი პოლიტიკოსებზე ბევრად უკეთესად ხედავს და აფასებს  რეალობას, პოლიტიკურ ავანსცენაზე წარმოდგენილთა გულწრფელობასა თუ ფარისევლობას, ზოგადად, მათ პოტენციურ შესაძლებლობებს.

ოპოზიციის მთავარი „არგუმენტი“, რომლის პროპაგანდას და საზოგადოებისთვის თავს მოხვევასაც ცდილობს, არის აპელირება დღევანდელი ხელისუფლების „პრორუსულობაზე“.

ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც  ხელისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, საქართველოში ჩამოსულმა, კრემლის მაღალჩინოსანმა ემისარმა ივანოვმა „აკურთხა“.

შემდეგ გაგრძელდა რუსეთის მოქალაქე ოლიგარქებისა და გენერლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების დაპყრობა (კახა ბენდუქიძე, კობა ნაყოფია, თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძე…), მრავალი სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის გადაცემა, პროვოცირებულ ომში თავით  გადაშვება, 3 დღეში კაპიტულაციის გამოცხადება, ტერიტორიების დათმობა, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ამის ფონზე, რასაკვირველია, ხალხი არ დაიჯერებს „ქართული ოცნების“ პრორუსულობას. როდესაც ლუზერებისგან ოლიგარქად შერაცხული ქართველი მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ნაშოვნი ფულის დიდ ნაწილს საქართველოს განვითარებას ახმარს.(სააკაშვილის ყველა  რეფორმა, მინისტრების ხელფასები და ა.შ. მანამდე სამების ტაძრის მშენებლობა, ისტორიული ძეგლების აღდგენა, ჯანდაცვა, სპირტი, მეცნიერება თუ უამრავი სხვა) მათი ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, ოფიციალურად (მისი ზოგიერთი კოლეგა კი ალბათ არაოფიციალურად) რუსეთის ბიუჯეტიდან იკვებება.

ამის შემოქმედი, პოლიტიკური ლუზერები  ხელისუფლებას ედავებიან,  ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას არ ზღუდავთო. საქართველოს ისტორია, დღემდე ინახავს და საუკუნეები შეინახავს, 2008 წლის 3-დღიან ომში, ლუზერთა მშიშარა ბელადის, ომის დროს  ასფალტზე მფორთხავის, ხოლო ომის დამთავრებისთანავე რუსი ტურისტების ხელგაშლილად  მოპატიჟე და  დამხვედრი სააკაშვილის სამარცხვინო ფურცლებს.

ოპოზიციის პრეტენზია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ისე არ აგინებენ რუსეთს, როგორც აშშ, ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი. საქართველო ყველა ანტირუსულ საერთაშორისო რეზოლუციასაა მიერთებული, ისინი კი ამაზე თვალს ხუჭავენ.

ხალხი ხედავს, რომ რუსეთის უკიდეგანო ლანძღვა-გინებამ ნაცების მმართველობის დროს 2 სამარცხვინოდ წაგებული (2004 წლის „კოკოითი ფანდარასტი“, 2008 წლის აგვისტოს  3-დღიანი ) ომი, რუსეთიდან დეპორტირებული ათასობით ქართველი, დაკარგული ტერიტორიები, დანგრეული ეკონომიკა და შელახული რეპუტაცია მოგვიტანა.

ყველა ხედავს, რომ  საქართველომ ბოლო 10 წელიწადში არა მხოლოდ საომარი კატაკლიზმები აიცილა, არამედ ეკონომიკურადაც სტაბილურ განვითარებას მიაღწია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში  მოხუცებულობის პენსიამ 100 დოლარის ეკვივალენტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მიაღწია, რაც ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების უდავო შედეგია.

ოპოზიცია დღევანდელ ხელისუფლებას  ერთპიროვნულ მმართველობას უწუნებს და ამტკიცებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან  მართავს. ხალხი ერთმანეთს ადარებს ამ ორ მმართველობას და კარგად ხედავს, რომ კლასიკური ავტორიტარიზმი  საქართველოში სწორედ სააკაშვილის დროს იყო.

როდესაც პატიმართა მძიმე მდგომარეობაზე, ან ციხეებში  კონკრეტულ დარღვევაზე მიუთითებს დღევანდელი ოპოზიცია, მათ „არ ახსოვთ“, მაგრამ ქართველ ხალხს ახსოვს, სააკაშვილის  სადისტური რეჟიმი ციხეებში და  დღეს არსებული მმართველობა რომელიც  (თავისი დარღვევების ჩათვლით) იმდროინდელი პატიმრებისთვის სანატრელი და საოცნებო იქნებოდა.

დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებას ედავება, რომ ის ბიზნესს სათანადოდ არ უწყობს ხელს, მათ „არ ახსოვთ“, მაგრამ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რა ტერორში ამყოფებდა ბიზნესს სააკაშვილის რეჟიმი. იმ პერიოდში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი და საოცნებო იქნებოდა.

დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებას „არათავისუფალ“ სასამართლოზე ედავება, მათ „არ ახსოვთ“, მაგრამ ხალხს ახსოვს, რომ მათი მმართველობის დროს  გამოტანილი გამამართლებელი განაჩენები ან ხელისუფლების წაგებული ადმინისტრაციული საქმეები პრაქტიკულად არ არსებობდა, დღეს კი ასეთი გადაწყვეტილებები საკმაოდ ხშირია.

დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაზე ედავება, მათ „არ ახსოვთ“, მაგრამ ხალხს კარგად ახსოვს, როგორც ტარდებოდა და მასობრივად ყალბდებოდა არჩევნები სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ახსოვთ, ვისი მოგონილი და შექმნილია ე. წ. კოორდინატორების ინსტიტუტი, პატიმრების, ქურდული სამყაროსა და ე. წ. ძველი ბიჭების გამოყენება არჩევნებში, ე.წ. კარუსელები, საარჩევნო ყუთების გატაცებები და ა.შ.

თუ დღესაც აქვს ადგილი გადაცდომებს, ზეწოლისა და გაყალბების მასშტაბებით ასჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო მაშინ. ამიტომაც დღეს ამ თემებზე  აპელირების დროს ხალხი იმ დროინდელ არჩევნებს  ადარებს და დღევანდელ სიტუაციას ამჯობინებს. ოპოზიცია ხელისუფლებას ედავება მედიის თავისუფლებაზე, მას „არ ახსოვს“, მაგრამ ხალხს ახსოვს არა მხოლოდ დამოუკიდებელი ტელევიზიების პირდაპირი  დარბევები ძალოვანი სტრუქტურების მიერ, არამედ სატელიტური ანტენების ყოვლად სამარცხვინო დაპატიმრებები, რის გამოც არც ერთი წესიერი მოქალაქე არ დაიჯერებს, რომ დღევანდელ ოპოზიციას გული შესტკივა  მედიის თავისუფლებაზე.

ოპოზიცია  90-იანი წლების  ინერციით, ისევ საბჭოთა კავშირს ებრძვის და ვერ აცნობიერებს, რომ სსრკ  დაშლილია. მის ადგილას დამოუკიდებელი ქვეყნებია, რომლებთან ურთიერთობებიც საქართველოს ინტერესებმა უნდა განსაზღვრონ და არა კლიშეებმა.

ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაშიც ახალი ტაქტიკური სქემები და გაბედული გადაწყვეტილებებია საჭირო, თორემ დაკომპლექსებული პოლიტიკოსები ვერაფერ ახალს და სასარგებლოს ვერ შესძენენ ქვეყანას.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს თვითმყოფადობაზე, იდენტობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ძალიან მარტივია (მაგრამ კონტრპროდუქტიული) უცხო ცხოვრების წესის მექანიკურად გადმოტანა და  პრიმიტიულად ფიქრი, რომ რადგან ამ წესით ცხოვრების სტილი სადღაც ამართლებს, ჩვენთანაც კარგად იმუშავებს.

ეს ყველაფერი ვითომ არ ესმით  დღევანდელ ოპოზიციონერ და გუშინდელ სახელისუფლებო პოლიტიკოსებს.  ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ „ეხსნებათ“ გონება და ჰგონიათ, რომ სხვადასხვა მანიპულაციებით ხალხს ტყუილში აცხოვრებენ.

ნათქვამია – „ხანდახან შეიძლება მთელი ხალხი მოატყუო, მუდმივად – ხალხის ნაწილი, მაგრამ მთელი ხალხის ყოველთვის მოტყუება შეუძლებელია“. საბედნიეროდ, თანდათან მცირდება იმ „ხალხის ნაწილიც“, რომელი  მუდმივად ტყუვდება. ამიტომაც საქართველოში დღეს არსებულ ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების (თუ მოსვლის) პერსპექტივა არ გააჩნია.

ეს ყველაფერი, არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება იდეალურია და ყველაფერს სწორად და სამართლიანად აკეთებს. უბედურება ის არის, რომ ამ ხელისუფლების ალტერნატივად საკუთარ თავს გვთავაზობენ ის დისკრედიტირებული და ყავლგასული პოლიტიკოსები, რომლებიც თავისი ხელმოცარული, კრიმინალურ- პოლიტიკური ბიოგრაფიის გამო ვერასოდეს შეძლებენ მათზე ბევრად უკეთესი  ხელისუფლების დამარცხებას“, – წერს ნანა კაკაბაძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები