გერმანიაში მიგრანტების მასიური შედინების გამო, რომელიც სავარაუდოდ, არსად ისე არ იგრძნობა, როგორც ქვეყნის დედაქალაქ ბერლინში, თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან გაჭირდა. ამდენად, დედაქალაქში უზარმაზარი კარვის დამონტაჟება იგეგმება, რომელიც დაახლოებით 4000 მიგრანტზე იქნება გათვლილი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ბერლინის სენატის მემარცხენეთა პარტიის სენატორ კატია კიპინგის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია წარმოდგენილი.
კიპინგი წერს, რომ „უმოკლეს პერიოდში დაახლეობით 4000-მდე ადამიანისთვის უნდა გამოიძებნოს თავშესაფარი, რათა დროებით მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და ლტოლვილების უსახლკაროდ დარჩენის საშიშროება თავიდან იქნას აცილებული“.
ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს მიგრანტების ასეთი დიდი რაოდენობის თავშესაფრით უზრუნველყოფა არ შეუძლია, წერს ასევე სენატორი.
როგორც კიპინგის წარმომადგენელი აცხადებს, ლტოლვილთა დაბინავება ძალიან გართულდა, რაც განსაკუთრებილი ზომების მიღებას საჭიროებს.
შესაბამისად, გერმანიის ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ქალაქში უზარმაზარი კარვის დადგმა გადაწყვიტა, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე იქნა შეძენილი.
მიგრანტთა მოზღვავებულ რაოდენობასთან გამკლავების მიზნით, მსგავსი კარვები მიუნხენში, ლაიფციგსა და ბრემენში უკვე დამონტაჟდა.
ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების ცნობით, ბერლინში ახალი დიდი კარვისთვის რამდენიმე ადგილი შეირჩა, მათ შორის, დასასვენებელი პარკების ტერიტორიები, ასევე, ქალაქის საგამოფენო ცენტრი, ყოფილი აეროპორტის სივრცე და სხვ.
ბერლინში დევნილთა დიდი ნაკადი შედის როგორც უკრაინიდან, ასევე, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა, ლტოლვილთა საკითხების სააგენტოს ცნობით, პირველი ცხრა თვის განმავლობაში 9036 თავშესაფრის მაძიებელიდან უკრაინელი არცერთი არ იყო.
სენატორ კიპინგის თქმით, ქვეყანაში დღეში დაახლოებით 150 მიგრანტი შედის. მემარცხენე პოლიტიკოსის ვარაუდით, თუ ასე გაგრძელდა ან რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა, შექმნილ პრობლემას კარვის ქალაქიც ვერ მოაგვარებს.
ახალი მონაცემების თანახმად, უკანასკნელ პერიოდში ბერლინში მიგრანტები უმეტესად ისეთი ქვეყნებიდან ჩადიან, როგორიცაა, სირია, თურქეთი, საქართველო, ავღანეთი და მოლდოვა.