ბერლინში ბრიტანეთის საელჩოში მომუშავე დაცვის თანამშრომელმა რუსი სამხედრო ატაშესთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემასა და ჯაშუშობაში თავი დამნაშავედ ცნო.
58 წლის დევიდ სმიტს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მან ბრიტანეთის საელჩოს პერსონალისა და სხვა ოფიციალური პირების შესახებ რუსეთს ინფორმაცია და საიდუმლო მასალები მიაწოდა.
სმიტი 2021 წლის აგვისტოში დააკავეს, მოგვიანებით იგი გერმანულმა მხარემ ბრიტანეთს გადასცა.
გერმანიისა და ბრიტანეთის უშიშროების სამსახურების ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ იგი საიდუმლო ინფორმაციას 2020 წლის გაზაფხულიდან ყიდდა.
პროკურორების განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე სმიტმა რუს სამხედრო ატაშეს, გენერალ-მაიორ სერგეი ჩუხუროვს ბრიტანელი ოფიციალური პირების ვინაობა, მისამართები და ტელეფონის ნომრები გაუზიარა.
სმიტის სასჯელის ხანგრძლივობის დასადგენად ფაქტობრივი მოსმენა სავარაუდოდ მომავალი წლის თებერვალში გაიმართება, იქამდე იგი პატიმრობაში დარჩება.