ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ედრიენ უოტსონის განცხადებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოძიების თვალსაზრისით ოფიციალური ვაშინგტონი პოლონელ სამართალდამცველებს სრულად ენდობა.
„ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას, რომ ეს აფეთქება, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა.
ჩვენ გავაგრძელებთ გამჭვირვალედ შეფასებას და ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე გაზიარებას. ასევე, გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტს უკრაინელებთან ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მათ გააჩნიათ, რომ სურათი შეივსოს“, – განაცხადა ედრიენ უოტსონმა.
განცხადების თანახმად, მომხდართან დაკავშირებით შეერთებული შტატები სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
„მიუხედავად ამისა, როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნები, ცხადია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. უკრაინას ჰქონდა და აქვს თავდაცვის უფლება“, – ნათქვამია უოტსონის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.