კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი „კონსერვატიული მოძრაობის“ შექმნას აპირებს. ამის შესახებ რუსული ოპოზიციური მედიასაშუალება Meduza წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიასაშუალება წერს, რომ ბიზნესმენი სულ უფრო და უფრო საჯარო ხდება.
11 ნოემბერს პრიგოჟინმა ტიუმენის ვებსაიტის „ჩვენი ქალაქის“ შეკითხვას უპასუხა, რომელიც რეგიონიდან პატიმრების კომპანია ვაგნერში დაქირავების საკითხს ეხებოდა. უფრო ადრე კი პრიგოჟინმა რუსული ელიტა მობილიზაციასთან დაკავშირებული საკითხის გამო გააკრიტიკა.
„ელიტის სხვა წარმომადგენლები უსასრულო კომფორტში ცხოვრობენ. სანამ მათი შვილები ომში არ წავლენ, ქვეყნის სრული მობილიზაცია არ მოხდება“, – აღნიშნა პრიგოჟინმა.
ამასთან, მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინის მხრიდან ასეთი ანტიელიტური რიტორიკა შემთხვევითი არ არის.
მათი თქმით, პრიგოჟინი ფიქრობს „კონსერვატიული მოძრაობის“ შექმნაზე, რომელიც მომავალში, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად იქცეს. ეს მოძრაობა, სავარაუდოდ, დაეყრდნობა „პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრიობას“ და იქნება დაკავებული რუსი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების მუდმივი კრიტიკით.
Meduza-ს წყაროები ამბობენ, რომ ევგენი პრიგოჟინს ეს იდეა, სხვა საკითხებთან ერთად, ალექსეი ნავალნის გუნდის საქმიანობაზე დაკვირვების შემდეგ გაუჩნდა, რომელიც რეგულარულად ავრცელებს გამოძიებას კორუფციის შესახებ.
„პრიგოჟინი სწრაფად ხვდება, სწრაფად სწავლობს ყველაფერს“, – აცხადებს წყარო.
Meduza-ს კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა ხაზგასმით განუცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ პრიგოჟინი მუდმივ კონტაქტზეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუმცა თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ ესაუბრა თუ არა პრიგოჟინი პუტინს მისი პოლიტიკური კარიერის შესახებ.
პოლიტოლოგი კონსტანტინე კალაჩევი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ პრიგოჟინი უკვე იყენებს ჟირინოვსკის მსგავს რიტორიკას.
აღსანიშნავია, რომ რუსი ბიზნესმენი სანქცირებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ.