ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 22:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

ნიკა მელიასთვის ხმა არ მიმიცია, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ პარტიის ამომრჩეველი მიბმულია სააკაშვილზე – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესები ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს და სერიები კიდევ იქნება.

სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის პოსტზე მსურველი კანდიდატები კიდევ გამოჩნდებიან.

დეპუტატის განცხადებით, ის რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა ხდება, დიდ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს მართლა პროცესები და კიდევ იქნება სერიები, არ გამოვრიცხავ, რომ კანდიდატები კიდევ გამოჩნდებიან. მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში არის ის, რომ რაც ხდება, არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს დიდ პოლიტიკურ პროცესზე ანუ იმ პროცესზე, რომელიც ძალიან სჭირდება ამ ქვეყანას.

ამიტომ, ჩემთვის პირდაპირ რომ გითხრათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კანდიდატი იქნება ან როგორ მიდის ეს პროცესი. იმიტომ რომ შედეგის თვალსაზრისით დიდ პოლიტიკურ სურათში ეს არაფერს არ შეცვლის. თუ ჩვენ გვსურს ხელისუფლების შეცვლა, ჩვენს ქვეყანას უნდა მიეცეს შანსი, რომ ჰყავდეს რეალური ქმედითი ოპოზიცია.

ჩვენი მოქალაქეები უკიდურესად გადაღლილი არიან, ქვეყნიდან ხალხი გარბის, სრული უპერსპექტივობაა, ჭაობი, რომელშიც დღეს ქვეყანა არის მოქცეული, რას უნდა სთავაზობდეს დღეს პოლიტიკური ძალები მოქალაქეებს? იდეებს ხომ? პოლიტიკურ იდეებს იმის თაობაზე, როგორ შეცვლის მათ რეალობას. ამას ელოდება დღეს საზოგადოება და არა იმას „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის, რომ „მე მიშა სააკაშვილს გავათავისუფლებ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან.

სწორედ ამიტომ, სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პარტია თავმჯდომარე ვის ჰქვია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ცალსახად არის მიბმული ადამიანზე, რომელიც, მისი აზრით, დღეს ვერ არის ფუნქციურად პარტიის ლიდერი.

„მიშა სააკაშვილი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არ უნდა იყოს ციხეში, საპატიმროს დატოვებს ორ შემთხვევაში: პირველი – ეს იქნება საერთაშორისო წნეხი, მეორე – ხელისუფლების შეცვლა. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. პირდაპირ ვიტყვი, ამით სააკაშვილის ბედი შეიცვლება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანაში 10 ადამიანიდან 8-ს არ უნდა.

ამიტომ, ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით ნულოვანი შედეგი ექნება იმას, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება. ვინ დაწერს შემდეგ სიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამით არაფერი არ შეიცვლება ბიძინა ივანიშვილის დამარცხების თვალსაზრისით.

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. თქვენ მკითხეთ, ვის მივცემდი ხმას თავმჯდომარის პოსტზე და მე გაგიმხელთ საიდუმლოს, როცა ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ნიკა მელიასთვის არ მიმიცია ხმა, არა იმიტომ რომ მის საწინააღმდეგოდ მქონდა რამე, უბრალოდ ჩემმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ პარტიის ამომრჩეველი ცალსახად არის მიბმული ადამიანზე, რომელიც დღეს ვერ არის ფუნქციურად პარტიის ლიდერი“, – დასძინა სალომე სამადაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები