ალჟირელმა მოკრივე იმან ხალიფმა, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, საფრანგეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც პარიზის პროკურატურის ონლაინსიძულვილთან ბრძოლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, სარჩელის საფუძველზე დაიწყო კიბერბულინგის სავარაუდო შემთხვევების გამოძიება.
„გამოძიება გენდერული ნიშნით საჯარო შეურაცხყოფის, დისკრიმინაციის გაღვივებისა და წარმომავლობის ნიადაგზე სიტყვიერი თავდასხმების საქმეზე მიმდინარეობს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
თავად სპორტსმენის ადვოკატის ნაბილ ბუდის განცხადებით, სარჩელში ფიგურირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ისეთი პირები, როგორებიც არიან სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და მწერალი ჯოან როულინგი. ცნობისთვის, როულინგმა ალჟირელ სპორტსმენს კაცი უწოდა.
იმან ხალიფა მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებმა ხელი შეუწყვეს მის შესახებ სოციალურ ქსელებში „ცრუ ცნობების გავრცელებას“.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ქალების კრივში 66 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობისას ხალიფას იტალიელი მეტოქე ანჯელა კარინიმ 46 წამში დანებდა, მან ჟურნალისტებთან საუბრისას აქცენტი მის უჩვეულოდ ძლიერ დარტყმებზე გააკეთა.
„რინგზე მოკრივის ვალის მოსახდელად გავედი, ვცდილობდი, მიუხედავად ყველაფრისა, მებრძოლა. გამარჯვება მინდოდა, მაგრამ როცა ცხვირში მეორედ მომხვდა, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, მივედი ჩემს მწვრთნელთან და ვუთხარი, რომ საკმარისი იყო“, – ციტირებდა გამოცემა იტალიელი მოკვირის სიტყვებს.
ამის შემდეგ, მსოფლიო მედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ალჟირელმა მოკრივემ ორჯერ ვერ გაიარა გენდერული კუთვნილების ტესტი. ამის გამო, სოციალური ქსელების არაერთმა მომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება და აქტიური საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ალჟირელი სპორტსმენი ბიოლოგიურად მამაკაცი იყო.
სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმან ხალიფა არ იდენტიფიცირდება, როგორც ტრანსგენდერი ქალი და საზოგადოების ნაწილს მასკულინური ქალების დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი.
ხოლო თავად სპორტსმენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
„მათ უფლება არ აქვთ თქვან, რომ მე ტრანსგენდერი ვარ. ეს დიდი შეურაცხყოფაა ჩემი ოჯახისთვის და არაბული სამყაროსთვის. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მე მუსლიმი გოგო ვარ. თუ ვინმე ბოდიშს მომიხდის, მივიღებ მათ ბოდიშს, მაგრამ მათ, ვინც ბოდიშს არ იხდის, ვუგზავნი მესიჯს – მე ქალი ვარ, ქალად დავრჩები და ჩემი ღირსება ყველაფერზე მაღლა იდგება“.