თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება ღაზას სექტორის სრულად ბლოკირების შესახებ, რადგან ისრაელი ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებას „ჰამასს“.
„გავეცი ბრძანება ღაზას სექტორის სრულად ბლოკირების შესახებ. არ ექნებათ ელექტროენერგია, არც საკვები, არც საწვავი. ყველაფერი დაკეტილია. ჩვენ ვებრძვით ცხოველებს, ველურებს და შესაბამისად ვიქცევით,“ – აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
9 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.