„უკრაინას არ უნდა დაეთმო ბირთვული იარაღი, მაგრამ თუ ჩვენ გვაიძულეს ამის გაკეთება, მაშინ უნდა გაგვეცვალა ის უსაფრთხოების რეალურ გარანტიებზე, კერძოდ, ნატოში გაწევრიანებაზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მაშინაც კი, თუ მათ ეს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ამერიკისა და რუსეთის პოლიტიკა კი იმ დროს ერთიანი იყო ამაში და აიძულეს უკრაინა, დაეთმო ბირთვული იარაღი, ვფიქრობ, მისი არაფერში გაცვლა უბრალოდ საშიშია. საჭირო იყო მისი გაცვლა უსაფრთხოების რეალურ გარანტიებზე და მაშინ ეს იყო მხოლოდ ნატო, დღესაც ეს არის მხოლოდ ნატო.
მე რომ ვცვლიდე ბირთვულ იარაღს, გავცვლიდი რაღაც ძალიან ძლიერზე, რომელიც შეძლებდა, შეეჩერებინა ნებისმიერი თავდამსხმელი, მიუხედავად მისი სიდიადისა, მისი ტერიტორიისა, მისი ჯარისა და ა.შ. და ეს არის ძლიერი არმია და ნატო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასე გაცვლა იყო სულელური, არალოგიკური და უპასუხისმგებლო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერზე მან ტრამპთან შეხვედრისას ისაუბრა.
„მე ვუთხარი, რომ ჩვენ არაფერში გავცვალეთ, ბირთვული იარაღი გავცვალეთ ომში. ეს დაიწყო მოგვიანებით, მაგრამ ეს მართლაც იყო ომზე გაცვლა. მან მითხრა, რომ მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი. მე მივიტანე ის, რასაც ვხედავდი, როგორც ალტერნატივას – ეს არის უკრაინის გაძლიერების გეგმა, შესაბამისი იარაღის პაკეტი, შესაბამისი რაკეტები, რომლებიც პრევენციულად იმოქმედებენ, რათა თავიდან ავიცილოთ ომის დაბრუნება, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევაჩერებთ ომს. აი, ეს არის უკრაინისთვის ძლიერი პოზიცია – ეს არის იარაღის პაკეტი. მე ვკითხე, სხვა რა არის ძლიერი არმიისა და ნატოს ალტერნატივა? მე უბრალოდ არ ვიცი“, – დასძინა ზელენსკიმ.